„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და შემოწირულებებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ (TIG) მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულებებს აფასებს.
მმართველი პარტიის ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ანალოგიური კვლევები უკვე გამოქვეყნდა. ამჯერად, ორგანიზაციამ იმ პარტიების კანდიდატები შეისწავლა, რომელთაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) აგვისტოს კვლევაში 1%-ზე მეტი რეიტინგი აჩვენეს. ეს პარტიებია: ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები, ლელო საქართველოსთვის და გირჩი.
კვლევის თანახმად, შვიდი პარტიის 103 მაჟორიტარი კანდიდატიდან 46 სამეწარმეო საქმიანობას პირადად ან ოჯახის წევრების მეშვეობით ეწევა. საერთო ჯამში, მათ 132 კომპანიასთან აქვთ კავშირი. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ 45-მა კანდიდატმა, ოჯახის წევრებთან ან ბიზნესპარტნიორებთან ერთად, საკუთარ პარტიას ჯამში 1 707 694 ლარი შესწირეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, მაჟორიტარობის ორმა კანდიდატმა, მოქმედმა დეპუტატებმა – ლევან კობერიძემ და გიგა ბოკერიამ ბოლო ქონებრივ დეკლარაციებში საკუთარი ბიზნესკავშირები სრულად არ ასახეს. კიდევ ერთმა მოქმედმა დეპუტატმა, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა კი – მის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა, რითაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები დაირღვა.
ევროპული საქართველო
ორგანიზაციამ გამოავლინა, რომ ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის 20 კანდიდატიდან, 7 სამეწარმეო საქმიანობას პირადად, ან ოჯახის წევრების მეშვეობით ეწევა. საერთო ჯამში, მათ კავშირი 15 კომპანიასთან აქვთ.
ანგარიშის თანახმად, მაჟორიტარობის 4 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს 2011-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 798 222 ლარი აქვთ მიღებული. ეს კანდიდატები არიან: გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ტარიელ ნაკაიძე და ლევან თარხნიშვილი.
კვლევის მიხედვით, გიგა ბოკერიამ 2019 წლის დეკლარაცია არასრულად შეავსო და ორ კომპანიაში თავისი მეუღლის წილები არ მიუთითა.
რაც შეეხება პოლიტიკურ შემოწირულებებს, 2017-2020 წლებში, 20-დან 16-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა „ევროპულ საქართველოს“ ჯამში 466 818 ლარი შესწირეს. პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან – გიგა ბოკერია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით), აკაკი ბობოხიძე და ლევან თარხნიშვილი.
20-დან 14 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) წარსულში სხვა საარჩევნო სუბიექტის შემომწირველიც იყო. მაგალითად, 12 კანდიდატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის 224 132 ლარი აქვს შეწირული.
ანგარიშის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობას ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის მხოლოდ ერთი კანდიდატი – აჰმედ იმამკულიევი არ ეწევა. მას პარტიისთვის არც ფული შეუწირავს.
სტრატეგია აღმაშენებელი
კვლევის თანახმად, პარტიის მაჟორიტარობის ორი კანდიდატი – გიორგი ვაშაძე და თამარ ჩარკვიანი, რომლებიც თბილისის ისნისა და საბურთალოს ოლქებში იყრიან კენჭს, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მათ პირადად ან ოჯახის წევრების მეშვეობით ოთხ კომპანიასთან აქვთ კავშირი. ანგარიშის თანახმად, 2016-2020 წლებში, გიორგი ვაშაძემ და მისმა მეუღლემ, ქეთევან სიჭინავამ სტრატეგია აღმაშენებელს ჯამში 194 500 ლარი შესწირეს.
პატრიოტთა ალიანსი
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან 14 სამეწარმეო საქმიანობას პირადად ან ოჯახის წევრების მეშვეობით ეწევა. საერთო ჯამში, მათ კავშირი 24 კომპანიასთან აქვთ.
კვლევის თანახმად, პარტიის მაჟორიტარობის 3 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა, 2013-2020 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებიდან 67 172 ლარი მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: სოსლან გარსევანიშვილი, არჩილ ბენიძე და ერეკლე საღლიანი.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა, რითაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები დაარღვია.
რაც შეეხება შემოწირულებებს, კვლევის თანახმად, პარტიას 362 530 ლარი მაჟორიტარობის ცხრა კანდიდატმა შესწირა. ამ თანხის უმეტესობა (287 000 ლარი) პარტიას ხუთმა კანდიდატმა სექტემბერში შესწირა.
დოკუმენტის თანახმად, პარტიის მაჟორიტარობის 11 კანდიდატ სამეწარმეო საქმიანობით არ არის დაკავებული. მათ არც პოლიტიკური შემოწირულებები გაუღიათ.
ლეიბორისტული პარტია
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის 10 კანდიდატიდან, სამი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და საერთო ჯამში მათ ოთხ კომპანიასთან აქვთ კავშირი.
2014-2020 წლებში, ლეიბორისტების მაჟორიტარობის შვიდმა კანდიდატმა საკუთარ პარტიას ჯამში 41 845 ლარი შესწირეს. სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევიან პარტიის მაჟორიტარობის 3 კანდიდატი – შალვა ნათელაშვილი, თემურ წიკლაური და სამსონ გუგავა. მათ არც პოლიტიკური შემოწირულებები გაუღიათ.
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები
კვლევაში ნათქვამია, რომ მოქალაქეების მაჟორიტარობის 8 კანდიდატიდან, სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ ორი – ლევან იოსელიანი და იოსებ კენჭაძე ეწევიან.
ლევან იოსელიანმა 2020 წელს პარტიას 40 000 ლარი შესწირა. იოსებ კენჭაძის კომპანიამ 2017-2018 წლებში 700 ლარის საერთო ღირებულების 2 მცირე გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღო.
ლელო საქართველოსთვის
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლელოს მაჟორიტარობის 28 კანდიდატიდან 14 სამეწარმეო საქმიანობას პირადად, ან ოჯახის წევრების მეშვეობით ეწევა. ეს 14 კანდიდატი ჯამში 73 კომპანიასთან არის დაკავშირებული.
ლელოს მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვების გზით 1 156 881 ლარის საბიუჯეტო თანხები და 3 033 996 ლარის საერთაშორისო დონორის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები მიიღეს.
კვლევის თანახმად, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მისი ბიზნესკავშირები სრულად არ ასახა.
რაც შეეხება პოლიტიკურ შემოწირულებებს, მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა, 2019-2020 წლებში, „საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს“ და პარტია ლელო საქართველოსთვის ჯამში 419 950 ლარი შესწირეს. პირადი შემოწირულობა არ გაუღია ბადრი ჯაფარიძეს, თუმცა მისმა ბიზნესპარტნიორებმა ლელოს 311 000 ლარი შესწირეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლელოს 10 კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა და არც შემოწირულება გაუღია.
ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი
ორგანიზაცია აცხადებს, რომ გირჩის მაჟორიტარობის ექვსი კანდიდატიდან ოთხი – ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ვახტანგ ზენაიშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. საერთო ჯამში, ისინი რვა კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი. ოთხმა კანდიდატმა პარტიას ჯამში 182 051 ლარი შესწირა.
ასევე წაიკითხეთ:
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ენმ-ძალა ერთობაშიას კანდიდატების შემოწირულებებსა და ბიზნესსაქმიანობაზე
- TI საქართველო „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატთა სამეწარმეო საქმიანობასა და შემოწირულებებზე
- შემოწირულებების კუთხით ქართული ოცნება ლიდერობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)