რა მოხდა? მასწავლებლის მკვლელობა საფრანგეთში
გუშინ 17 ოქტომბერს საფრანგეთმა პატივი მიაგო ისტორია-გეოგრაფიის მოკლულ მასწავლებელს, სამუელ პატის, რომელსაც წინა საღამოს 18 წლის ჩეჩნური წარმოშობის ტერორისტმა სკოლის წინ თავი მოაჭრა. საზარელი მკვლელობა საფრანგეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა დაგმეს, როგორც “ისლამური ტერორიზმის დამახასიათებელი შემთხვევა”. საზოგადოება შოკირებულია საზარელი მკვლელობით, რომელიც განათლების სისტემაში სიტყვის თავისუფლების საკითხსაც უკავშირდება. მაინც რა მოხდა, პარიზის შემოგარენის ქალაქ კონფლან-სანტ-ონორინში?
დანაშაული
16 ოქტომბერს საღამოს ხუთი საათისათვის, ქუჩაში პატრულირებისას მუნიციპალური პოლიციის პატრულმა სკოლის წინ საშინლად დასახიჩრებული გვამი შეამჩნია. გვამთან ახლოს აჟიტირებული ახალგაზრდა იყო, რომელიც პოლიციის დანახვისას გაიქცა. მუნიციპალურმა პოლიციამ კრიმინალურ ბრიგადას გამოუძახა. გაქცეული ახალგაზრდა მათ ქუჩაში გადაეყარა და დანით დაესხა თავს. საპასუხო ცეცხლით ის პოლიციელებმა მოკლეს.
გარდაცვლილი 2002 წელს მოსკოვში დაბადებული, ჩეჩნური წარმოშობის ლტოლვილი აღმოჩნდა. მის ტვიტერის ანგარიშზე აღმოაჩინეს გზავნილი, რითაც თავის თავზე იღებდა მკვლელობას და პრეზიდენტ მაკრონს მიმართავდა “ერთ-ერთი შენი ძაღლი გავუყენე ჯოჯოხეთის გზასო”. ეს გზავნილი იმავე დღის შუადღეს იყო შენახული, ხოლო გაგზავნით უშუალოდ მკვლელობის შემდეგ, მოკლულის დასახიჩრებული სხეულის ფოტოს თან ერთად გაგზავნა.
მკვლელი დანაშაულის ადგილიდან 100 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა და პოლიციის პირველადი მოკვლევით, არც ამ სკოლასთან და არც მოკლულთან პირადი კავშირი არა ჰქონია.
“მცირე ინციდენტი” ტრაგიკული შედეგით
47 წლის სამუელ პატი ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი იყო და საშუალო სკოლაში (ანუ, ფრანგულად “კოლეჟში”) ასწავლიდა 13-14 წლის ახალგაზრდებს. პატარა ქალაქი კონფლანი ძირითადად საშუალო კლასის ხალხი ბინადრობს და განსაკუთრებული კრიმინალურობით არ გამოირჩევა.
სასწავლო პროგრამის ნაწილია სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი, ჰოდა ბატონმა პატიმ ოქტომბრის დასაწყისში თავის მოსწავლეებს “შარლი ებდოს” საქმე წარუდგინა დებატებისათვის. როგორც გახსოვთ, ამ სატირულ გამოცემაში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებას ისლამურ სამყაროში აღშოთების ტალყა მოჰყვა, ხოლო 2015 წელს ისლამისტმა თავდამსხმელებმა რედაქციის 12 წევრი გამოასალმეს სიცოცხლეს.
პატიმ ეს თემა იმიტომ შეარჩია, რომ სწორედ ოქტომბრის დასაწყისში ამ დანაშაულთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. იმისთვის, რომ მოსწავლეებს საკუთარი აზრი ჩამოეყალიბებინათ, მან მოსწავლეებს საქმის მასალები წარუდგინა – მათ შორის მუჰამედის კარიკატურაც იყო.
გაკვეთილს რამდენიმე მშობლის, ძირითადად მუსულმანების, უკმაყოფილება მოჰყვა და მათ დირექციას მიმართეს. სკოლის დირექტორმა მასწავლებელი და მოსწავლეებიც გამოკითხა და დაადგინა, რომ მასწავლებელს არც პროგრამის სულისკვეთებიდან გადაუხვევია და არც რაიმე აზრი მოუხვევია თავზე მოსწავლეებისათვის. პარალელური გამოძიება აწარმოა ცენტრალურმა სასკოლო ინსპექციამაც და მანაც ვერ ნახა დარღვევის ნიშნები.
ამასობაში, ერთ-ერთი მოსწავლე გოგონას მამამ ტვიტეტზე გაავრცელა მიმართვა, სადაც გმობდა მასწავლებლის საქციელს და ამბობდა, რომ საკითხის განხილვამდე პატიმ მუსლიმ მოსწავლეებს სთხოვათ ხელი აეწიათ და კლასიდან გასულიყვნენ. ამ ამბავს – რაც ნათლად რელიგიური ნიშნით მოსწავლეების გამორჩევა იქნებოდა – არც კლასში მყოფი სხვა მოსწავლეები ადასტურებდნენ და არც სხვა მშობლები. მიუხედავად ამისა ეს და შემდეგი ვიდეო, რომელიც იმავე მშობელმა უკვე იუთუბით გაავრცელა, ფართოდ გავრცელდა, მათ შორის ფრანგულენოვან ისლამურ ქვეყნებში. ამ, მეორე ვიდეოში მასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი ჩანს, რომელიც გმობს საფრანგეთის დამოკიდებულებას ისლამისადმი.
თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, სკოლის დირექციამ დაძაბულობის შედეგად აცნობა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურსაც, რომელმაც შეაფასა ვითარება და დაასკვნა, რომ დაძაბულობა იმ დროისათვის მოხსნილი იყო.
კავშირი მკვლელობასთან
ჯერჯერობით არაა ცხადი, ჰქონდა თუ არა მკვლელს პირდაპირი კავშირი ამ საქმესთან. პოლიციას 11 ადამიანი ყავს დაკავებული, მათ შორის უმრავლესობა მკვლელის სანათესაო და სამეზობლო წრიდან არიან.
დაკავებულია მოსწავლის მამაც, რომელმაც თავდაპირველად ვიდეოები გაავრცელა. საქმე ისაა, რომ მისი ნახევარდა 2014 წელს “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა სირიაში და ანტიტერორისტული საქმეების მოსამართლოს მიერ იძებნება. მეორე ვიდეოზე გამოჩენილი მამაკაცი კი საფრანგეთის სპეცსამსახურებისთვის კარგადაა ნაცნობი – ის ისლამისტი აბდულჰაკიმ სეფრუია, რომელიც 1980-იან წლებში აქტიურობდა. პოლიციის ცნობით, მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივლელად ის 13 წლის გოგონას მამასაც მიჰყვა სკოლაში და თავი საფრანგეთის იმამთა ასოციაციის წარმომადგენლად წარადგინა. თუმცა, თავად იმამთა ასოციაცია ამბობს, რომ სეფრუისთან თანამშრომლობა 5 წლის წინათ შეწყვიტეს და მას არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონია, თავი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლად გაესაღებინა.
ასეა თუ ისე, მკვლელის კავშირი ამ ორ ადამიანთან დადგენილი არაა. პოლიცია არც იმას გამორიცხავს, რომ რადიკალურად განწყობილ მკვლელს მასწავლებელი უბრალოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების გამო ამოეღო მიზანში.
რეაქციები
ისლამიზმისა და ტერორიზმის პრობლემებზე უფრო, ფრანგული პრესა და საზოგადოება იმაზე გავლენაზე ღელავს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს საზარელი მკვლელობა განათლების სისტემასა და მის ღირებულებებზე.
ახლანდელი და ყოფილი მასწავლებლები, მწერლები ამბობენ, რომ ამგვარი დაშინება უბიძგებს მასწავლებლებს თავი დაუხარონ ობსკურანტიზმს, დაამცრონ თავისუფალი აზრისა და დებატის კულტურის, სამოქალაქო და რესპუბლიკური ღირებულებების სწავლება სკოლაში.
ბევრი ამბობს, რომ ყველაფერზე აღშფოთების – რელიგიური თუ იდეოლოგიური მიზეზებით – დონემ იქამდე მიაღწია, რომ სამოქალაქო დებატების კლასში “რომელი უფრო მოგწონთ, კატები თუ ძაღლები?”-ს ტიპის თემები თუ დარჩება უსაფრთხოდ განსახილველი, ეს კი რესპუბლიკური და დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგოა, თვითცენზურის წახალისებასა და თავისუფალი აზროვნების ჩახშობამდე მიგვიყვანსო.