იუსტიციის სამინისტრო პატიმრების გადამზადებასა და დასაქმებას იწყებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 20 ოქტომბერი, N237

პატიმრების მუშაობა

იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონ-პროექტი ტუსაღებთა სწავლა განათლების და სამუშაოს მოწყობის შესახებ. კანონ-პროექტის მთავარი პრინციპია დამნაშავეთა გამოსწორება სწავლა განათლების მიცემით, ხელობის შესწავლით და შრომის შეჩვევით.

სამუშაოს ექნება მიქცეული, კანონპროექტის ძალით, განსაკუთრებული ყურადღება: ამ მიზნით არსდება სახელოსნოები საპყრობილეებში და აგრეთვე ეწყობა სამუშაოები ციხის გარეთ.

ხელფასი მიეცემა ტუსაღებს თითქმის ნორმალური. ამ ხელფასის ნაწილი წავა მომუშავეთა სახარჯოთ და სამუშაოების მოსაწყობად, დანარჩენი ნაწილი კი შეენახება მათ და მიეცემათ ციხიდან განთავისუფლების შემდეგ.

პატიოსანი შრომისათვის დატუსაღებულთ ეძლევათ შეღავათი ვადის 1/4 -1/6-მდე შემცირებით იმის გარდა რაც წინასწარ განთავისუფლების კანონით არის მიღებული.