17 ოქტომბერი, 1920: ვრანგელის ძალებმა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დაბომბა
გაზ. ბათომის ფურცელი, 1920 წლის 22 ოქტომბერი, N35
ვრანგელის თავდასხმა
გიჟმა გიჟური მოიმოქმედა… უკბილო ვრანგელმა რუსულ ჟანდარმერიის შავმა გენერალმა ტლანქი ხელი რესპუბლიკის საზღვრებთან მოიქნია. რესპუბლიკის ჯარების მთავარი შტაბი იუწყება, რომ ოქტომბრის 17-ს შავი ზღვის ნაპირებზე ვრანგელის შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. რამ აიძულა დენიკინის უშნო აჩრდილი?
მაგრამ უკბილო გველი მგლურს განაგრძობს.
მეფის გენერალი დრო გამოშვებით ეცემა თავზე ჩვენს ქვეყანას, მაგრამ საქართველოს დემოკრატია არავის მისცემს უფლებას რესპუბლიკას შეეხონ. ვრანგელი ჩვენგან ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც 1919 წელს მიიღო.
საქართველოს მთავრობამ მთელ ევროპას უნდა ამცნოს პროტესტით ვრანგელის მუხანათური თავდასხმა.
ევროპის სიმპატიებს არ არის მოკლებული გენერალი ვრანგელი და ევროპას თუ ის თავის მიზნებისთვის ჰყავს ყირიმში, ევროპის ინტერესს არ უნდა შეადგენდეს, რომ ავანტიურისტი ვრანგელი საქართველოს სახელმწიფოს ეცემოდეს თავზე.
ჩვენ ასეთ უტიფარ გამობრძოლებას ვთვლით რა უდიდეს უტაქტობათ გენერალ პოლიტიკოსის მხრით ვეუბნები რეაქციის მოციქულებს, რომ თავის კანში დაეტიონ. ბრძოლა საქართველოსთან მეტად ძნელია, ახსოვდეთ, რო საქართველოს მთავრობა დაუსჯელს არ დასტოვებს ყირიმის შავ მონარქისტები ამ ცელქობას.
მთავრობამ სასჯელს უნდა მისცეს ყველა ის პირები, რომლებიც ყირიმიდან გამოქცეულნი ჩვენს რესპუბლიკას აფარებენ თავს.
მტრები ახმაურდნენ, მაგრამ ერის მესაჭენი ყირიმელ მესაფლავეებს თვითონ უჩვენებენ საფლავს.
ვრანგელის საფრთხე ჩვენთვის ვერ იარსებებს, მაგრამ მაინც საინტერესოა თავხედობა კოვზ ნაცარში ჩავარდნილ გენერლისა, რომელ გეგმით მოქმედებს და რას ჰფიქრობს. საქართველომ ვრანგელების კორპუსი განიარაღებულ მისცა და ნუ ინდომებს ყირიმის შემოქმედი გენერალი კვლავ ერგუნოს ასეთი ხვედრი…
საქართველო არც ერთ რუსეთის სამოქალაქო ომს განსახიერებულად არ ებრძვის, რაც მათ ავალებს ასევე მოიქცნენ ჩვენს მიმართ.
ირაკლი