შსს – ყველა მძევალი თავისუფალია, სპეცოპერაცია გრძელდება დამნაშავის დასაკავებლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 22 ოქტომბრის 04:50 საათზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი ყველა მძევალი, მათ შორის, დარჩენილი 4 პირი, რომლებიც მან მოგვიანებით თან გაიყოლა, გათავისუფლებულია. უწყების განცხადებით, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

შსს-ს მიერ 22 ოქტომბრის 01:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლდა და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, თუმცა სამინისტრომ არ გადმოსცა ცნობები თავდამსხმელისა და თანმხლები 4 მძევლის ბედის შესახებ. მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, რომელიც დამნაშავესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა.

მანამდე, ცნობილი იყო, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს, თითქმის 8 საათის განმავლობაში მძევლად სულ მცირე 19 ადამიანი ჰყავდა აყვანილი და მან დაახლოებით 22:00 საათისთვის ბანკის შენობა 4 მძევალთან ერთად პოლიციის ავტომობილით დატოვა, დანარჩენი მძევლები კი – მანამდე გაათავისუფლა. მედიის ცნობით, წაყვანილი მძევლებიდან ერთ-ერთი თავდამსხმელთან მოლაპარაკებების ხელმძღვანელი, ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო, რომელმაც თავდამსხმელთან თანხაც მიიტანა.

21 ოქტომბრის შუადღით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარებით შესულმა პირმა მძევლად 19 პირი აიყვანა, მათ შორის, ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.

ბანკის შენობა პოლიციას თავდამსხმელის აყვანისა და მძევლების გათავისუფლებისათვის წარმოებული სპეცოპერაციისას რვა საათის განმავლობაში ალყაში ჰქონდა მოქცეული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას, ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

ნაშუადღევს განცხადება გაავრცელა „საქართველოს ბანკმაც“ და აღნიშნა, რომ ბანკი „სრულ კოორდინაციაშია“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათი მითითებების შესაბამისად მოქმედებს.

ინციდენტმა წინასაარჩევნო კამპანიას დაძაბულობა შეჰმატა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე მომხდარმა ინციდენტმა წინასაარჩევნოდ პოლარიზებული გარემო კიდევ უფრო დაძაბა.

პროსამთავრობო პოლიტიკის გამტარებელმა ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელიც პროოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ჩაერთო და ბანკზე თავდამსხმელის მოთხოვნები გაახმოვანა, პარტია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, რითაც თავდასხმის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოციაცია სცადა.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და შექმნილი ვითარებით პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გააკრიტიკა. კობახიძემ ოპოზიციონერებს „პოლიტიკურ მოროდიორობაში“ დასდო ბრალი.

ინციდენტში ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა დაადანაშაულა ულტრამემარჯვენე პარტია ქართული მარშის ამავე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი გაბედავამ. აღნიშნულს ორი პარტიის მხარდამჭერებს შორის ქალაქ ზუგდიდში, პოლიციის სპეცოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

თავის მხრივ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პოლიტიკური კუთვნილების გამო მძველების „დემონიზებისთვის“ ქართული ოცნება გააკრიტიკა და ევროპული საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოსაწყობად „პროპუტინისტური ჯგუფების“ დაქირავებაში „[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმი“ დაადანაშაულა.

პოლიტიკურ პარტიებს წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. პრეზიდენტის თქმით, მოცემულ ვითარებაში „ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)