ქუთაისში ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტი გაიხსნა
ქალაქ ქუთაისში 21 ოქტომბერს ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა.
ახლადდაფუძნებულ უნივერსიტეტში 246 სტუდენტი ჩაირიცხა. უნივერსიტეტი, რომელსაც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, სტუდენტებს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს. უნივერსიტეტის რექტორი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფიზიკა-მათემატიკოსი ალექსანდრე თევზაძეა.
უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც დაესწრნენ.
თავის გამოსვლაში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის უნივერსიტეტის გახსნა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის გახსნას შეადარა.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის „საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. მათ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოქალაქეებად“.
„მე ასევე მჯერა, რომ ეს უნივერსიტეტი იქნება ამ რეგიონში ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან და ამ ორ, ჩვენთვის ძვირფას ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ფუნდამენტური მეცნიერებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ქუთაისს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციის მინიჭება მიულოცა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ფონდი ქართუ ახორციელებს.
ივანიშვილმა ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ პირველად 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა. ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც საუბრობდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის გეგმის პრეზენტაცია პირველად 2016 წელს გაიმართა და მას სტუდენტები 2019 წლის სასწავლო წელს უნდა მიეღო, თუმცა მშენებლობის დაწყების ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია და ოფიციალური გახსნის ცერემონიაც მხოლოდ 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა.
2012 და 2016 წლების განცხადებების მსგავსად, უნივერსიტეტის გახსნა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებს უძღვის წინ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)