გრიგოლ რობაქიძე: ნოე ჟორდანია რასსიული ტიპია საქართველოსი
გაზ. ბარრიკადი, 1920 წლის 25 ოქტომბერი, N2
ნოე ჟორდანია
ჟორდანიას პროფილი ძველი ღერბია სურნელოვან პერგამენტზე. მისი სახე თეთრი მედალიონია მოხუც ბიბლიის. მასში მოსჩანს კეთილშობილი რასსა: ქალდეას ველებში მოხუცებული და კავკასიონის კალთებში განელებული. ქურუმები ძველად ღმერთებს ალბად ასეთი სახით ელაპარაკებოდენ. არის ჟორდანიას პროფილში უცნაური სირბილე: არა მარტო გურიის ველების: არამედ მთელი იბერიის მიწის. ჟორდანია რასსიული ტიპია საქართველოსი. რუსთაველის ტარიელ-რაინდული ყოვლის გადამლახველი: მაგრამ მიუხედავათ ამისა გულჩვილია მეტად. თეთრი გიორგი ტაიჭზე მჯდომარე მახვილით ჰკვეთავს ვეშაპს და ამავე დროს მის თვალებში ნათელი ბავშვის გვერდული მზერაა. გიორგი სააკაძე რისხვით შემმართებული საქართველოში ბოლოს და ბოლოს გამონაკლისია. მე მიყვარს ჟორდანიას აღელვება: მაგრამ მის ანთებაში ტემპერამენტია სათნოების და არა ცეცხლი სიავის.
ეს ხაზი ქართველი ხასიათისა უკანასკნელი დარბილებაა ჯვაროსანი ნებისა. სრულიად გამართლებულია აქ ქაშვეთის ხსენება. ქაშვეთი ესთეტიური ფორმულაა ქართველი ყოფის ერთი მთავარი ნაკადულის. მისი მორცხვი ტანის ქალწულ ხაზებში ჟორდანიას პროფილიც არის უსათუოდ ასარკული. ქაშვეთის უცხო ფრინველისავით დასტრიალებს თავს საიდუმლო ცოდნა: საქართველო ხვედრია ჯვარცმული დედის. ეს არის ლეგენდა: მაგრამ ლეგენდაშია უფრო მეტი სინამდვილე ვიდრე გაზეთის ქრონიკაში. ლეგენდა იგი გაცხელებულია ნინოს ვაზით დამთვრალი ჯვარით და ნელად დალბობილია ქეთევანის სურნელოვანი ცრემლით. ჟორდანიას სირბილე მე ამ ხაზებში მესახება. მე მესმის ჟორდანიას წუხილი შვილის დაკარგვის გამო ( – ლენინს ასეთი წუხილი არ შეუძლია). ამ წუხილში, მე ვხედავ სიახლოვეს მიწასთან: რომელსაც ჩენ დედას ვუწოდებთ. მე არ ვიცი: ჟორდანია ლოცულობს თუ არა. მაგრამ მე ვიცი რომ მრავალი ლოცულობს მისთვის ( – გამაგებინეთ ვინ ლოცულობს ლენინისთვის!. დაისებში ჩვენს დედებს არ ავიწყდებათ ჟორდანია და ჩვენი ბავშვები აისებში პირველად ალბად მას იგონებენ.
სწორედ ამ ხვეულებში იქცა ჟორდანია დიდი ქართველის ფიგურად. მართალია: ისტორია ჰქმნის ისტორიულ ფიგურას: მაგრამ ჯერ პიროვნება უნდა იყო რომ ისტორიამ აგირჩიოს. ჟორდანიას იმთავითვე ჰქონდა დიდი ნიჭი ინტუიციის. ეს ნიჭი პოლიტიკაშიც ისევეა საჭირო როგორც პოეტურ შემოქმედებაში. ჟორდანიამ პირველმა იგრძნო სავსებით რომ პატარა ერის ბიოლოგიური ენერგია განსაზღვრულია და მისი ცხოვრების განვითარება შესაძლოა მხოლოდ გარეშე ძალების დახმარებით. ცხადია: იმ ცოცხალი ძალების რომლებითაც იბეჭდება ერთა სოლიდარობა. ამ ძალების წარმომშობი ინტერნაციონალური დემოკრატიაა. ჟორდანიამ შემოიტანა საქართველოში ინტერნაციონალიზმის იდეოლოგია. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა ინტერნაციონალიზმს საქართველოს პოლიტიკაში. მაგრამ ხაზგასმა აცენტუაციაა ფსიხხოლოგიური და ხშირად მის ხელში ჯოხი მეორე მხარეს იხრებოდა: ინტერნაციონალიზმი ანაციონალიზმში გადადიოდა. ეს არის სათავე ჟორდანიას ნაწერების წინააღმდეგობათა. მაგრამ ეს „წინააღმდეგობანი“ ზედაპირია მარტო ოდენ.
თავიდათავი მის აზროვნებაში (შეიძლება ქვეშეცნებული) სხვაა: საქართველოს ნაციონალური იდეოლოგია შეიძლება იყოს მხოლოდ ინტერნაციონალური გეზით გამართული. არსად ისე აშკარად არ გამართლებულა ისტორიის დიალექტიკა ჰეგელის მიერ შეცნობილი როგორც საქართველოს ცხოვრებაში. ისტორიული ირაციონალურობა სხვათა შორის იმაშია რომ ერთში იბრძვის ორი, მაგრამ მთელისათვის ორივე საჭიროა. საქართველოს ნაციონალურ იდეოლოგიას საშინლად ებრძოდა თითქმის ანაციონალიზმში გადასული ინტერნაციონალური იდეოლოგია: მაგრამ ისტორიული გონება საქართველოსი ორივეს შეიცავდა და დღეს უკვე ნათელია რომ საქართველოს ხსნა მხოლოდ დასავლეთში. ჟორდანიამ დასტური დასდო საქართველოს რუსეთთან შეერთებას მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთის საშუალებით ევროპას ეზიარებოდით. ხოლო იგივე ჟორდანია იყო პირველი მომხრე საქართველოს რუსეთისაგან გამოცალკევებისა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი აზიაში საბოლოოდ ჩატოვებას გვიპირებდა. აქაც როგორც სხვაგან მახვილია მისი ინტუიცია.
ჟორდანია ტრიბუნია: თუმცა მას ენა არ ემორჩილება. ამ შემთხვევაში შეიძლება იგი ძველს მოსეს ჰგავდეს რომლის ხვედრია მშობელი ერის აღთქმულ ქვეყნისაკენ წაყვანა. მაგრამ თუ ჟორდანიას თქმა არ ეხერხება, სამაგიეროდ მას წერა უჭრის ძალზე. ქართველი პოეტისათვის საამაყოა პირდაპირ რომ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მწერალია ნამდვილი. თუ სტილი არა ჟორდანიას წერის მანერა უთუოდ აქვს მის ნაწერში არ არის არც კორძიანი ხაზი და არც დაგრაგნილი ხვეული. იქ ყოველი სიტყვა საღათ ამოკვეთილია და ყოველი ფრაზა სხარტად გამოჭრილ. ჟორდანია უფრო ლაპიდურული ფორმულებით ლაპარაკოს ვიდრე დისკურსული პერიოდებით. მის ფორმულებში მონუმენტალური პრიმიტივის ქვებია. თავის ლაკონურ ფრაზაში ჟორდანიას ეტყობა უთუოდ რომ იგი მესხეთის მოსაზღვრე კუთხის შვილია. მას არ უყვარს სიბნელე და სძულს განყენება: მის სიტყვაში ჭვირვალი სინათლეა და სხეულიანი კონკრეტობა. ამ მხრით იგი ფრანგებს უახლოვდება. საკვირველი არ არის რომ ჟორდანიას პირველს შემოეღო საქართველოში ფრანგული ჟურნალიზმი.
გრიგოლ რობაქიძე