ანდრეი კრასოვი: ზატულინს სომხეთში დესანტის გაგზავნაზე საუბრის უფლებამოსილება არ ჰქონდა
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი კრასოვმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუს დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს უფლებამოსილება არ ჰქონდა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცით სომხეთში დესანტის გაგზავნაზე ესაუბრა, რადგანაც ეს სახელმწიფო დუმის და მისი თავდაცვის კომიტეტის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს.
კრასოვმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რუსეთის სამხედრო ძალების გამოყენებას არ გეგმავს.
კონსტანტინ ზატულინმა 21 ოქტომბერს თქვა – „თუ საჭირო იქნება, საქართველოს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ, რომ მან მშვიდად მიიღოს ის, რომ მისი საჰაერო სივრცის საშუალებით სომხეთში აუცილებელი ძალები და საშუალებები გაიგზავნება“.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 3 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებულ სამხედრო დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა, რომ „კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“.
ერევანმა, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, შესაძლოა, რუსეთს სამხედრო დახმარებისთვის მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, თუმცა სამხედრო ბლოკის ვალდებულება სომხეთთან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლას არ ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)