„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2016-2020 წლებში ქვეყანაში სასამართლო სისტემის მდგომარეობაზე
2016-2020 წლებში საქართველოში სასამართლო სისტემის მდგომარეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ (TIG) მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის „სრულყოფილად და საფუძვლიანად რეფორმირების პოლიტიკური ნება“ ვერ გამოავლინა.
ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სისტემაში 2016 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმები „ფრაგმენტული და არათანმიმდევრული იყო“, ხოლო „გარკვეული დადებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, სისტემაში კვლავ რჩება დემოკრატიასთან და დამოუკიდებელ სასამართლოს პრინციპებთან შეუთავსებელი ხარვეზები“.
„სასამართლო სისტემაზე წლების მანძილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე“, – აცხადებს ორგანიზაცია და იქვე აღნიშნავს, რომ სასამართლოს ადმინისტრირება დღესდღეობით სრულად გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ ხელშია.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ორგანიზაციის თქმით, მესამე ინსტანციის სასამართლო ძირითადად „არა კონკურსში მონაწილე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებით, არამედ ხელისუფლების მიერ წინასწარ ლობირებული კადრებით დაკომპლექტდა“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კლანური მმართველობის გავლენა საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებს გასცდა და საკონსტიტუციო სასამართლოშიც გადაინაცვლა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობა სწორედ მას შემდგომ გაჩნდა, რაც მისი ახალი წევრებით დაკომპლექტების პროცესი დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობისა და სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ერთგული კადრებით დაკომპლექტებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და შეამცირა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა“, – ნათქვამია ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმაზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი უფლებამოსილება გაუქმდა და საგრძნობლად შემცირდა მისი კომპეტენცია. „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების არსებითად შეზღუდვით მნიშვნელოვნად დაზიანდა ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლის ინტერესები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სასამართლო სისტემაში პოზიციურ ცვლილებებზე საუბრისას, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ 2016-2020 წლებში მართმსაჯულების რეფორმის „ორი ტალღა“ და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, „მათ შორის, დაინერგა საქმეთა ელექტრონული წესით განაწილება, დაიხვეწა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამართალწარმოების ნორმები“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭირვალობისა და საჯაროობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, „დადგინდა საბჭოს სხდომის ოქმების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება. ასევე, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წარდგენილი დასკვნების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციისა და საბჭოს მიერ დისციპლინური დევნის დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საბჭოს ვებგვერდზე განთავსების ვალდებულება“.
ასევე წაიკითხეთ:
- ვენეციის კომისიის მოსაზრება სასამართლო რეფორმის თაობაზე
- არასამთავრობოები: საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებები „ფრაგმენტულია“
- სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)