ევროკავშირმა და „გაეროს განვითარების პროგრამამ“ მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშები გამოაქვეყნეს
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და „გაეროს განვითარების პროგრამამ“ (UNDP) 29 ოქტომბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიშები გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მედიის მიერ საარჩევნო პროცესების მგაშუქება „მეტად პოლარიზებული და ნაკლებად დაბალანსებული ხდება“.
ანგარიშები 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს და მათში 43 მედიასაშუალებაა გაანალიზებული, მათ შორის, 12 ტელევიზია, 10 რადიო, 8 გაზეთი და 13 ონლაინგამოცემა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი „გაეროს განვითარების პროგრამის“ მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ესენია – „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „ინტერნიუს საქართველო“ და „CRRC-საქართველო“.
სატელევიზიო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, ყველა ტელევიზია აშუქებს შესაძლო უცხოურ გავლენას საქართველოს არჩევნებზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტი დრო ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ნატოსა და რუსეთის ფედერაციას. დასავლეთის სახელმწიფოებისა და გაერთიანებების გავლენა უმეტესწილად დადებითად ფასდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ტელევიზიები საქართველოს საქმეებში რუსეთის ჩარევის თემას აშუქებენ, ხოლო „რუსეთთან კავშირების ქონა“ პოლიტიკური აქტორების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება.
სატელევიზიო ტოქშოუების შესახებ ანგარიშის მიხედვით, სამაუწყებლო მედიაში პოლარიზაცია იზრდება, ქართული ოცნების წარმომადგენლები უარს ამბობენ „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ გადაცემებში და „პალიტრა ტვ“-ის დებატებში მონაწილეობაზე.
პრესის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბეჭდვური მედია ყველა პოლიტიკურ აქტორს უარყოფილ კონტექსტში განიხილავს და ძირითადად გადაუმოწმებელ წყაროებს ეყრდნობა. „ზოგიერთი გაზეთი კვლავ იყენებს შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ ტერმინოლოგიას“, – ნათქვამია ანგარიშში.
ინტერნეტმედიის მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, ინტერნეტგამოცემები „უფრო მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებს აკმაყოფილებენ, უფრო მეტ საარჩევნო სუბიექტს აშუქებენ და თავს იკავებენ შეურაცხმყოფელი ენის გამოყენებისგან“. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც არცერთმა ინტერნეტ მედიასაშუალებამ არ გამოავლინა დადებითი დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ, ოთხი ასეთი მედიასაშუალება გამუდმებით ცდილობდა ხელისუფლების დადებით კონტექსტში წარმოჩენას და ოპოზიციური პოლიტიკოსების დისკრედიტაციას.
რადიოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ რადიო ყველაზე დაბალანსებული და ნეიტრალური მედიაა. თუმცა, მისი გავლენა საგრძნობლად დაბალია მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით და მსმენელს ექსკლუზიურ სარედაქციო მასალებს არ სთავაზობს.
სოციალური მედიის მონიტორინგმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა მიერ Facebook-ზე საკმაოდ დიდი სიხშირით ზიარდება ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეეხება პოლიტიკურ საკითხებს. ამასთან, ღია ჯგუფებში შეინიშნება პრობლემური ვებგვერდების მიერ მომზადებული მასალების გაზიარების შემთხვევებიც, თუმცა ამ მასალებს მომხმარებელთა ჩართულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი უგროვდება.
„გაეროს განვითარების პროგრამის“ განცხადებით, მედიამონიტორინგი მთელი საარჩევნო ციკლის დროს გაგრძელდება და საბოლოო ანგარიშები წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)