არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 29 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შესახებ ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში, მთავარი გამოწვევები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩეველთა ხმების სავარაუდო მოსყიდვა, ძალადობა, ზეწოლა, მუქარა და პოლარიზებული მედიაგარემო იყო.
არასამთავრობოების შეფასებით, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს სახელმწიფოს მიერ გაწეული სოციალური დახმარების გაცემის პროცესში „ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო არ იყო“.
უფლებადამცველებისვე განცხადებით, მმართველი პარტიის სააგიტაციო შეხვედრებს საჯარო მოხელეები, სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები, საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები და მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. მათივე შეფასებით, აღნიშნული „ქართული ოცნების მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა“.
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დამკვირვებლებმა ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, დამკვირვებლებთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ თვალთვალსა და სხვადასხვა ფორმით შევიწროებაზეც საუბრობენ. ანგარიშში, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მივლენაზეც არის საუბარი.
არასამთავრობოების განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებლებმა ძალადობისა და ზეწოლის 20-ზე მეტი ფაქტი გამოავლინეს. ისინი განსაკუთრებით შემაშფოთებლად მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მიიჩნევენ, რა დროსაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ. უფლებადამცველები ბოლნისისა და დმანისის გაერთიანებულ ოლქში მომხდარ თავდასხმებზეც ამახვილებენ ყურადღებას და ხაზს უსვამენ, რომ შემთხვევების დროს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე მიუთითებენ როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.
ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა ფორმით ამომრჩეველთა ხმების სავარაუდო მოსყიდვის 60-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. აგრეთვე, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა, როგორც მმართველი პარტიის კანდიდატების, ისე ოპოზიციური პარტიების (შედარებით მცირე მასშტაბით) წარმომადგენლების კამპანიური აქტივობებიც.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ქართული ოცნების შემომწირველებმა 2020 წელს ჯამში დაახლოებით 47 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს.
დოკუმენტში პროკურატურის მხრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობაზეც არის საუბარი და აღნიშნულ კონტექსტში, 7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებაა ნახსენები.
არასამთავრობოები კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფთა არჩევნებში მონაწილეობის წესების შესახებ დადგენილების არჩევნებამდე 12 დღით ადრე მიღებასაც აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ პრობლემურია თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ გადასატანი ყუთის მოთხოვნის შემჭიდროებული ვადაც.
აღნიშნეს რა რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემო პოლარიზებული იყო, არასამთავრობოებმა ხაზი გაუსვეს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები უარს ამბობდნენ კრიტიკულ მედიებში სტუმრობაზე. უფლებადამცველები მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკული მედიისა თუ ორგანიზაციების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის შემთხვევებზეც ამახვილებენ ყურადღებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)