„საია“-მ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 30 ოქტომბერს წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, რომ ოქტომბრის თვეში სარჩევნო კამპანიამ ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა და ამჯერად „ცხელი წერტილი“ შიდა ქართლი და ქვემო ქართლი იყო.

ანგარიში 2020 წლის ოქტომბრის თვეში გამოვლენილ „დარღვევებს ან ცუდი პრაქტიკის მაგალითებს მოიცავს“, რომლებიც „წინასაარჩევნო გარემოს ამახინჯებენ“.

საანგარიშო პერიოდში, „საია“-მ სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის უგულვებელყოფის 1, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2, წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის 2 და ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების 8 შემთხვევა გამოავლინა.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ოცნების მხრიდან საჯარო მოხელეებზე სავარაუდო ზეწოლის და ძალადობრივ ქმედებებს ეხება. ამ კონტექსტში დოკუმენტში სამგორის რაიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრზე, ლევან ქართველიშვილსა და ევროპული საქართველოს წევრ ოქტაი სკანდაროვზე თავდასხმის შემთხვევებზეა საუბარი. ანგარიშში ლელოს წევრის მიმართ სავარაუდო მუქარის, ევროპული საქართველოს ოფისისთვის აგურის სროლის, შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ახალუბანში ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირების, ბოლნისისა და დმანისის საარჩევნო ოლქში ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებზე თავდასხმისა და დმანისში ქართული ოცნების ოფისთან სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემთხვევებიც არის დასახელებული.

დოკუმენტის თანახმად, ამომრჩეველთა ხმების სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები ქართულ ოცნებასა და პარტია თავისუფალ საქართველოს უკავშირდება. პირველ შემთხვევაში, მმართველი პარტიის წევრმა რიმა ბერიძემ ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად მაცივარი და საკვები პროდუქტები გადასცა. თავისუფალმა საქართველომ კი – მოქალაქეებს მედიკამენტების 70%-80%-ით შეღავათიანი ფასით შეძენას დაჰპირდა.

სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლის კონტექსტში „საია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მიერ მთაწმინდის პარკში ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტის საუბრისას, „ფონდ ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურების ხაზგასმას აღნიშნავს.

„საია“ პრობლემურად მიიჩნევს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის სეზონის გახსნაზე ქართული ოცნების დეპუტატის გენადი მარგველაშვილის მხრიდან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა ლომინაძის მხარდამჭერ სიტყვასაც. „აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაცია და ეს ქმედება მიიჩნევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

წინასარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მაგალითებად „საია“ სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოსთვის შექმნილ დაბრკოლებებს ასახელებს. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგია აღმაშენებლის მიერ თბილისის მერიასთან ხელმოწერებისთვის გახსნილ კარავში სამართალდამცველებმა მოქალაქეებს შესვლის უფლება არ მისცეს, ლელოს წევრებს კი – კახეთის გზატკეცილზე სააგიტაციო მასალის განთავსებაში ხელი შეუშალეს.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
 

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)