არასამთავრობოები არჩევნების წინა დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას აკრიტიკებენ
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 30 ოქტომბერს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შეხვედრის დანიშვნა ეჭვებს ბადებს, რომ „სასამართლო სისტემაში არსებული კლანი“ ძალაუფლების გამყარებას ცდილობს.
30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრისა და მდივნის, შერჩევა „ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კლანი არჩევნებამდე ცდილობს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და გავლენიანი თანამდებობების დაკავებას“.
განცხადების თანახმად, 2021 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრს ეწურებათ.
„შესაბამისად საბჭო ფაქტობრივად უნდა განახლდეს. იმ ფონზე, როდესაც საბჭოს წევრების შერჩევის პროცედურა გადახედვას საჭიროებს, კლანისათვის ორი, გარანტირებული ხმის ფლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი ოთხწლიანი ვადით აირჩევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)