აშშ-ის საელჩო სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“ 

აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრისა და მდივნის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღების გამო, „მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ“.

„გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორებიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობით“, – ნათქვამია საელჩოს მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, „ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს, შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ“.

„დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელსაც ხალხი ენდობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანაბარი [ეკონომიკური] ზრდის ხელშესაწყობად, აგრეთვე, ქართული და უცხოური ბიზნესის მიერ ინვესტიციების მოსაზიდად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს“, – აცხადებს საელჩო.

მანამდე იგივე გადაწყვეტილება ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დანიშვნა ეჭვებს ბადებს, რომ „სასამართლო სისტემაში არსებული კლანი“ ძალაუფლების გამყარებას ცდილობს.

კონფერენციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ერთი კვირით ადრე გაჟღერდა, როდესაც გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც 2017 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო, თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად 22 ოქტომბერს უზენაესი სასამარათლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მის არჩევასთან ამ თანამდებობის შეუთავსებლობა დაასახელა. გადადგომის შესახებ იმავე დღეს საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, რევაზ ნადარაიამაც განაცხადა.

15 წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები ოთხწლიანი ვადით აირჩევიან.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)