1906 წელი, ბელგიელი მეცნიერი: რუსეთის მთავრობის ბატონობა საქართველოში უსამართლობაა
ერნესტ ნისი და საქართველოს დამოუკიდებლობა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 3 ნოემბერი, N249
ლოზანის გაზეთი ამ ცოტა ხანში გარდაცვლილ სახელგანთქმულ ბელგიის მეცნიერს ერნესტ ნისს წერილს უძღვნის და ამასთანავე იხსენიებს ერნესტ ნისის აზრს საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის შესახებ.
ერნესტ ნისის სახით სწერს გაზეთი საერთაშორისო უფლებების მომხრეებმა დაჰკარგეს ერთი საუკეთესო თავიანთი დამცველი და მისი დაკარგვა ყველასათვის საგრძნობია. მით უფრო საგრძნობი იქნება საქართველოსთვის, რომლის დამოუკიდებლობის საკითხი „საერთაშორისო უფლებების“ დიდებულმა ავტორმა ჯერ კიდევ 1906 წელში წამოაყენა.
ერნესტ ნისი თავის წერილში შემდეგს სწერს: „ქართველები იმყოფებიან განსაკუთრებულ პირობებში და მათი ქვეყნის მდგომარეობა რევოლუციონურია. ძალმომრეობის აქტი, რომელიც ხდება საქართველოს საქმეში არის პოლიტიკური. რუსეთის მთავრობის ბატონობა საქართველოში უსამართლობაა, როგორც თავისი პრინციპით, ისე ისტორიულადაც. რუსეთის ბატონობა ეყრდნობა მოტყუებაზე და მთელი საუკუნის განმავლობაშ იგი გამოიხატებოდა სასტიკ დესპოტიზმში და ტირანიულ მოქმედებაში.
ცბიერება, სიცრუე, ღალატი – აი რა ახასიათებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოში. ასეთი სასტიკი რეჟიმი საქართველოში გრძელდება მთელი საუკუნე და ამ ხნის განმავლობაში, მისი მიზანი იყო ქართველ ხალხში ჩაეხშო ყოველივე ეროვნული გრძნობანი, განსაკუთრებით რუსული რეჟიმი ულმობელი მტერი იყო ქართული ენის და ქართულ რელიგიის. მან დაანგრია მისი სკოლები და მოსპო განათლება, მან იგდო საქართველოს მდიდარი ადგილები, დაიმორჩილა ახალგაზრდა თაობა. მან გაგზავნა შორეულ ადგილებშიაც კი (იმერეთში) თავის რეკრუტები. რუსეთი მსჯავრს დებდა ქართველ პატრიოტებს და ციხეებში ალპობდა იმ ხალხს, ვინც საქართველოზე ხმას ამოიღებდა. ყოველივე ამას ერნესტ ნისი დასკვნას უკეთებს და ასე ეკითხება რუსეთის მთავრობას: ვინ გაბედავს რომ სთქვას, ამბოხება და რევოლუციონური მოძრაობა არ არის ქართველის ნამდვილი მოვალეობაო?…“