დღეს საქართველოს მოქალაქეები ოთხწლიანი ვადით მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. ხმის მიცემის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა თავიანთ სამომავლო პერსპექტივებსა და არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„სამოქალაქო საქართველო“ მათ შეფასებებს გთავაზობთ:
ელენე ხოშტარია – ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვაკის ოლქში: „ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სწორედ მოქალაქეები და მათი აქტიურობა განსაზღვარვს, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი რეალური ცვლილებების, ცვლილებების, რომლებსაც იგრძნობს ყველა მოქალაქე, ოღონდ ამაში ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს არჩევნებზე“.
ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციის საერთო კანდიდატი გლდანის ოლქში: „შეუძლებელია, დილის რვის ნახევრიდან იყოს ამხელა აქტივობა და ეს აქტივობა არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი. უდრეკი ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს. და ოლიგარქს არ ექნება გაქანება, ასპარეზი ექნება დღეიდან, ხვალიდან უკვე ქართველი ხალხის ნიჭიერებას ამ ქვეყანაში და არა ერთი ადამიანის უბრალოდ რაღაცა სურვილებს“.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი, მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში: „ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას, ხმა, რაღათქმაუნდა, მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. დღეს უნდა იყოს შემობრუნების წერტილი საქართველოს განვითარების. დღეს თქვენს ხელშია გასაღები საქართველოს მომავლის, ეს არ არის მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღე, ეს განსაზღვრავს შემდგომ ათწლეულებს, როგორ განვითარდება ქვეყანა, როგორ წავალთ წინ“.
ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი – მოქალაქეები, მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს ოლქში: „მე უკეთეს საქართველოს მივეცი ხმა… მაქვს იმის იმედი და ზუსტად ვიცი, რომ ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვისაც, უკეთესი საქართველოსთვისაც. დღეს კი რთული დღე გვექნება და საომარი გვექნება და საბრძოლო, მაგრამ, საერთო ჯამში, ამაღამ შევცვლით და უკეთესი საქართველოსკენ გადავდგამთ ნაბიჯს“.
ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის, მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს ოლქში: „31 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი არჩევნებია იმისათვის, რომ შევაჩეროთ ქვეყნის ვარდნა და დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა“.