ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და სტრატეგია აღმაშენებელმა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პირველად მონაცემებს უნდობლობა გამოუცხადეს, რომლის მიხედვითაც, ხმების 48.07%-ით ქართული ოცნება ლიდერობს.
ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე დაგეგმეს და მმართველი გუნდი „ხელისუფლების მიტაცებაში“ დაადანაშაულეს.
ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება დღეს, 16:00 საათიდან დაიწყეს. მალევე, პარლამენტის წინ ტერიტორია გადაიკეტა და ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართავეს. მათ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობას გაუსვეს ხაზი და ხმების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ბრძოლა გამარჯვებამდე“, – აცხადებდენ ოპოზიციონერი ლიდერები.
სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, მომიტინგეები მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრნენ და არჩევნების შედეგები იქაც გააპროტესტეს. ამის შემდეგ ისინი კვლავ პარლამენტის შენობის წინ დაბრუნდნენ. მომიტინგეთა ნაწილი ამ დრომდე პარლამენტის შენობის წინ რჩება.
ოპოზიცია 8 ნოემბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, 48.16%-ით (924 733 ხმა) ქართული ოცნება ლიდერობს; მას 27.12%-ით (520 806 ხმა) ენმ-ძალა ერთობაშია მოსდევს; 3.78%-ით (72 539 ხმა) ევროპული საქართველო; 3.16%-ით (60 653ხმა) ლელო საქართველოსთვის; 3.15%-ით (60 434 ხმა) პატრიოტთა ალიანსი; 3.15%-ით (60423 ხმა) სტრატეგია აღმაშენებელი; 2.89%-ით (55 503 ხმა) გირჩი; 1.33%-ით (25 501 ხმა) ელისაშვილის მოქალაქეები; 1%-ით (19 217 ხმა) ლეიბორისტული პარტია; ხოლო 0.85%-ით (16 295 ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა.
წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდი 13 მაჟორიტარულ ოლქს პირველივე ტურში იგებს, დარჩენილ 17 ოლქში კი, მათ შორის, თბილისის რვავე ოლქში მეორე ტურები გაიმართება.
სხვა ოპოზიციურ პარიებთან ერთად, არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს პატრიოტთა ალიანსიც. ოპოზიციურ პარტიებს ბოკიოტოსკენ მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაც მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)