MONEYVAL: საქართველომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა უნდა გააძლიეროს
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) 2 ნოემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა გააძლიეროს, მათ შორის, ამგვარი შემთხვევების გამოაშკარავებასა და გამოძიებაში ფინანსური მონიტორინგის ჩართვის, მაღალი რისკის სექტორებში ზედამხედველობისა და რეგულირების გაძლიერების გზით.
MONEYVAL აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესი ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ყველაზე სერიოზულ რისკებს ქმნის და აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ახორციელებს კაზინოების სათანადო ზედამხედველობას, ხოლო კაზინოების ლიცენზირების მოთხოვნებში არსებული ტექნიკური ხარვეზები სერიოზულად ზღუდავს მათ ეფექტურობას, ხელი შეუშალონ კრიმინალებსა და მათ თანამზრახველებს კაზინოების კონტროლსა და მართვაში.
ანგარიშის თანახმად, მართალია საქართველოს კარგად ესმის ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკები, საჭიროა მათი შემდგომი გაანალიზება ისეთ სფეროებთან მიმართებით, როგორებიცაა ნაღდი ფულის გამოყენება ეკონომიკაში, უძრავი ქონების სექტორი, იურიდიული პირებისა და არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობები, ასევე ვაჭრობაზე დაფუძნებული ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.
რაც შეეხება სხვა ხარვეზებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებიც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების საქმეებს იძიებენ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვნად ეზღუდებათ.
კონკრეტულად, ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია, საქართველომ შეამცირა გაეროს მიზნობრივი ფინანსური სანქციების განხორციელების შეფერხებები, ეს ჯერ კიდევ არ შეესაბამება სანქციების დაუყონებლივ განხორციელების ცნებას. „ტერორიზმისა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის გასამართლებული პირების მიუხედავად, შეფასების პერიოდში საქართველომ არ მიუთითა არცერთი ტერორისტი ან ტერორისტული ორგანიზაცია“, – ნათქვამია ანგარიშში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)