გერმანიის მიერ საქართველოს იურიდიულად აღიარების მნიშვნელობა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 7 ნოემბერი, N254
საქართველოს ცნობა გერმანიის მიერ
იმ დროს, როდესაც საქართველოს ხალხის მთელი ყურადღება სამხრეთიდან მომდგარ საფრხეზეა მიპყრობილი, მის დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადიდგა: სახეში გვაქვს საქართველოს რესპუბლიკის გერმანიის მიერ იურიდიული (de iure) ცნობა, რომელიც ამცნო მთავრობას ჩვენმა წარმომადგენელმა ვლ. ახმეტელაშვილმა ფრიად სასიხარულო და დიდ-მნიშვნელოვანია ეს ფაქტი.
რაც უნდა დამარცხებული იყოს მსოფლიო ომში, გერმანია, როგორც სახელმწიფო, ისე არ დაძაბუნდება, რომ ევროპაში პირველხარისხოვანი როლი არ ითამაშოს. თუმცა მის სამხედრო ძლიერება დაქვეითდეს, ის კულტურული სიმაღლეა, რომელსაც გერმანიამ მიახწია უკანასკნელ საუკუნის განმავლობაში, ის პირველხარისხოვანი ადგილი, რომელიც მრეწველების განვითარებაში ჰქონდა მას მოპოვებული. ყველა ეს ისე ადვილათ ვერ მოიშლება, რომ გერმანიას ყველა ქვეყნები ანგარიშის გაწევის ღირსად აღარ სთვლიდენ. თუ გერმანიამ ომში მარცხი განიცადა, ეს მარცხი უმთავრესად შეეხო მის ცხოვრების იმ მხარეებს, რომლებიც იმპერიალიზმის და მილიტარიზმის გამოხატულებას წარმოადგენდა.
დღეს გერმანია ახლა საძირკველზე აშენებას თავის მომავალს და ეს საძირკველია დემოკრატიზმა კოლექტიურ წარმოებაზე აგებული მეურნეობისაკენ გადახრით. ეს ის გზაა რომელზედაც ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შესდგეს ყოველი წინ წასული სახელმწიფო. მაშასადამე დღეს მშობიარობის ტკივილებით შეპყრობილ გერმანიის მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და მის ხმას საქართველოს შესახებ არ შეიძლება არ ჰქონდეს დიდი გავლენა ევროპის სახელმწიფოთა აზრზე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სულ ახლო მომავალში დემოკრატიული გერმანიის მიერ გადადგმულ ნაბიჯს ყველა ძლიერი სახელმწიფოები მიჰყვებიან და ფაქტიურად უკვე ყველას მიერ ცნობილ სახელმწიფო იურიდიულ ცნობასაც მოიპოვებს.
დასვალეთ ევროპის გარდა საქართველოს იურიდიული ცნობა გერმანიის მიერ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ საქმეებისთვისაც. ამ ფაქტმა არ შეიძლება პირდაპირი გავლენა არ მოახდინოს ოსმალეთის ნაციონალისტების და თვით საბჭოთა რუსეთის სულიერი განწყობილებაზედაც. მთელს ევროპაში გერმანია ერთად-ერთი სახელმწიფოა რომელთანაც საბჭოთა რუსეთი აშკარა მტრულს განწყობილებაში არ იმყოფება. მისი მომდურება იქნებოდა უდიდესი მარცხი საბჭოთა რუსეთისა და ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ანგარიშს გაუწევს ამ გარემოებას თავის მოქმედებაში საქართველოს მიმართ. ესევე ითქმის ქემალ-ფაშის შესახებაც. ჩვენ იმის იმედი არა გვაქვს, რომ ქემალ-ფაშის მოქმედებაში დიდს როლს თამაშობს პოლიტიკურ კეთილგონიერება, რომელიც მას შეაჩერებს საქართველოს საზღვრებში მტრული შემოჭრისაგან; მაგრამ დიდი საქმეა ისიც, რომ მას ეცოდინება, რომ ამნაირს მის საქციელს არ თანაუგრძნობს არა მარტო ისე ევროპა, რომელსაც იგი თავის მტრად სთვლის, არა მარტო იმპერიალისტური ევროპა, არამედი ევროპა დემოკრატიულიც, ის სახელმწიფოც, რომელიც ანტანტის წინააღმდეგ ბრძოლას ეწეოდა ოსმალეთის ნაციონალისტებთან ერთად.
საქართველოს ცნობა გერმანიის მიერ, მაშასადამე, ზნეობრივათ ასუსტებს ჩვენს მომავალს მოწინააღმდეგეს, თუ კი იგი თავისას არ მოშლის და მოინდომებს რაიმე მტრულს მოქმედების დაწყებას ჩვენს მიმართ.