გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას 2 ნოემბერს ციხეში თავს ხუთი პირი იმ დროს დაესხა, როდესაც ის საკნიდან თავის ადვოკატთან შესახვედრად გამოდიოდა. ამავე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში „დაუყოვნებლივ გაიგზავნა“ და გამოძიება დაიწყო.
პენიტენციური სამსახურისვე ცნობით, რურუაზე თავმდამსხმელი ხუთივე პატიმარი მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში რურუას სცემეს.
რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმა იყო, ვინაიდან ინციდენტს წინ არანაირი სიტყვიერი შელაპარაკება არ უძღვოდა. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რურუას თავს არჩევნებიდან ერთ დღეში დაესხნენ.
გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თავად რურუა წარდგენილ ბრალს დღემდე არ აღიარებს და მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ოპოზიცია გაზაფხულზე აცხადებდა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, გიორგი რურუას გათავისუფლება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს, დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. მმართველი გუნდი მსგავსი პირობის არსებობას უარყოფდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)