არასამთავრობოები: 2020 წლის არჩევნები „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ იყო
4 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, 26 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა“ აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო“.
უფლებადამცველების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აერჩიათ პარლამენტი, რაც მათივე თქმით, „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს“, საქართველოს მთავრობამ „ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება“.
ხელმომწერი ორგანიზაციები ითხოვენ, იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების „კანონიერად და მიუკერძოებლად“ განხილვას.
განცხადების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია „მნიშვნელოვანი შეზღუდვების“ გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, „ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება“.
„ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის“ – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია „არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ, ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა“.
განცხადებაში არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევებიც არის ჩამოთვლილი, მათ შორისაა – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა და მათზე თავდასხმის შემთხვევები, ასევე კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა.
„მხოლოდ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც დაახლოებით 3 ათასი დამკვირვებელი ჰყავდათ, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ოპოზიციის, წარმომადგენლები, დამკირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
რაც შეეხება ხმების დათვლას, ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პრობლემური იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც „უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს“.
„ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ასევე წაიკითხეთ:
- „საია“ 117 უბნის შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვს
- ოპოზიციური პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ
- NDI 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშს აქვეყნებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)