არასამთვრობოების თქმით, საოლქო კომისიები საჩივრებს არ განიხილავენ
არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) 4 ნოემბრის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში მათ მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა მიზეზით არ განიხილეს, საჩივრების უმრავლესობა კი – არ დააკმაყოფილეს.
ორგანიზაციების განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიები ამის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ დამკვირვებლებმა მინდობილობები არ წარადგინეს. თუმცა, მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, საოლქო კომისიებში გამართულ სხდომებზე მინდობილობები ორივე ორგანიზაცის წარმომადგენლებმა წარადგინეს, რითაც დასტურდებოდა, რომ ისინი ორგანიზაციების სახელით მოქმედებდნენ, როგორც სხდომაზე, ისე საჩივრების წარდგენის მომენტში, კომისიებმა საჩივრები მაინც არ განიხილეს.
„მაგალითად, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმომადგენელი სხდომაზე [4 ნოემბერს] 7 საათზე დაიბარა, ხოლო სხდომა უფრო ადრე გამართა და საჩივრის განუხილველობის შესახებ განკარგულება 1 საათით ადრე, 6 საათზე გაუგზავნა“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ იმ საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ, რომლებმაც მათ მიერ წარდგენილი საჩივრები განიხილეს, შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. მათივე თქმით, უბნების გადათვლის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაკმაყოფილდა, მათ შორის, სამგორის #97-ე უბანზე, სადაც ნამდვილ ბიულეტენებსა და შემაჯამებელ ოქმებში ასახულ მონაცემებს შორის „დიდი შეუსაბამობები გამოვლინდა“.
არასამთავრობოები მოუწოდებენ საოლქო საარჩევნო კომისიებს:
- არ შექმნან ხელოვნური ბარიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას;
- მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ.
რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, უფლებადამცველები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)