ოსმალეთის კავკასიაში შემოჭრის გამო რესპუბლიკის მთავრობამ სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 11 ნოემბერი, N257
მობილიზაცია
მთავრობა 1890, 1891, 1892 და 1893 წ.წ. დაბადებულთა მობილიზაცია გამოაცხადა. მობილიზაციის გამოცხადება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც შეიქმნა სომხეთში. ოსმალეთის ურდოები სომხეთში შემოიჭრენ და აქედან ჩვენს საზღვრებს ემუქრებიან. ჩვენმა დემოკრატიამ კარგათ იცის, რას ნიშნავს ოსმალეთის ფაშების შემოსევა; მან იცის რომ ეს ნიშნავს, პირველყოვლისა, დამხობას იმ რესპუბლიკისას, რომელიც ამდენი სისხლით და შრომით შექმნა ჩვენმა მუშათა კლასმა; ეს ნიშნავს დაკარგვას ყველა იმ თავისუფლებებისა, რომელიც მოგვცა რევოლუციამ; ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის განიავებას და გაძარცვას; ეს ნიშნავს ყველაზე უსაშინლესი მონობის გაბატონებას და ფაშების თავაშვებულ თარეშს ჩვენი რესპუბლიკის მიდამოებში. და აი, ეს რომ არ მოხდეს მთავრობა თადარიგს ჭერს მოსალოდნელ საფრთხის ასაცდენად. არ უნდა დავივიწყოთ რომ რამდენათაც მაგარი და მტკიცე ვართ შიგნით, იმდენათ ნაკლები ხალისი ექნება მტერს ჩვენზე იერიშის მოტანის.
ჩვენი დემოკრატია არასოდეს ყოფილა ომის და სხვებზე თავდასხმის მომხრე. ის მუდამ და ყოველთვის იცავდა და იცავს თავის თავს, თავის თავი უფლებას და ამისათვის ბრძოლაში მან არ იცის უკან დახევა; მის თავგანწირვას ასეთ შემთხვევაში არ აქვს საზღვარი და ამიტომ არის, რომ ის დღემდე ყველა ბრძოლაში გამარჯვებული რჩებოდა.
გვჯერა რომ ჩვენი დემოკრატია დღესაც ისე ერთსულოვანი იქნება ოსმალეთის ფაშებთან ბრძოლაში, როგორც წინათ და ეს კი უტყუარი თავდებია ჩვენი გამარჯვების და მტრის დამარცხების.
ჩვენ დარწმუნებული ვართ ჯარში გაწვეულნი სწრაფათ გამოცხადდებიან სამობილიზაციო პუნქტში და თავის მძიმე მოვალეობის პირნათლათ ასრულებით ერთხელ კიდევ დაანახვებენ გათავხედებულ მტერს თუ რას ნიშნავს საქართველოს დემოკრატია, და როგორც იცავს ის რესპუბლიკას და თავისუფლებას.
სახალხო გვარდიის მობილიზაცია
სახალხო გვარდიის მთავარ შტაბის მიერ გამოცხადებული იყო მთელს რესპუბლიკაში მობილიზაცია ათი დღის ვადით განმეორებითი სამწყობრო მეცადინეობისათვის. სამხედრო გვარდია უნდა შეკრებილიყო 8 ნოემბერს. როგორც მთავარ შტაბს ატყობინებენ ყველა ოლქებიდან, მობილიზაცია მთელს რესპუბლიკაში ბრწყინვალეთ ჩატარებულა. ორი დღის განმავლობაშ მთავარი შტაბის ბრძანება სისრულეში იქნა მოყვანილი და მთელი გვარდია ფეხზე დადგა. მეცადინეობა სწარმოებს.