საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა 7 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა „სამართლებრივი საშუალებების გამოყენებითა“ და „იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში“ განაგრძონ, „რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა“.
„დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. „ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად“, – დასძენენ ისინი.
ერთობლივ განცხადებაში საქართველოს პარლამენტთან 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციაც არის ნახსენები და ყურადღება დემონსტრაციის კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩატარების მნიშვნელობაზეა გამახვილებული. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)