Le Temps: ევგენი გეგეჭკორი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 ნოემბერი, N257
ევ. პ. გეგეჭკორი მილეირანთან!
საფრანგეთის ოფიციოზი „Temps“-ი შემდეგს იტყობინება ევ. პ. გეგეჭკორის საფრანგეთის პრეზიდენტის მილეირანის მიღების შესახებ: „რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, რომელმაც განაცხადა: ქართველი ხალხი ენდობა საფრანგეთის ისტორიულ ტრადიციას და იმედიც აქვს, რომ საფრანგეთში საქართველო ჰპოვებს თავის დამოუკიდებლობის მტკიცე დამცველსო. მრავალ საუკუნის განმავლობაში, საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის იდგა აზიის კარების წინ და თავისუფლად გადაჰქონდა ყოველი მტრის შემოსევა და ამით საქართველო წარმოადგენდა მტკიცე სიმაგრეს დასავლეთ ცივილიზაციისთვის. საქართველოს თავისი თვალი ყოველთვის ევროპისაკენ ეჭირა და მისი სურვილი იყო ევროპის კულტურასთან შეერთება. ამ მიზნით საქართველომ ამ ერთ საუკუნის წინად თავისი ბედ-იღბალი დაუკავშირა რუსეთს.
უკანასკნელად მომხდარმა ამბებმა, საქართველოს საშუალება მისცა ევროპასთან დაახლოების. დაიბრუნა რა თავისი თავისუფლება, ჩვენმა ხალხმა არამც თუ მარტო – დამოუკიდებლობა აღიარა, რომელიც მხოლოდ თავის საკუთარ ძალაზე დაეყრდნო, არამედ ფაქტიურად განახორციელა და შექმნა დემოკრატიული სახელმწიფო სოლიდარულ და კანონიერ უფლებაზე დამყარებული. საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს იმ მეზობელ ხალხისთვის. რომელთანაც უნდა საუკეთესო განწყობილება შექმნას. ესეთი მიზანი საფრანგეთის ინტერესებისთვის არავითარ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს. თუმც საქართველო ცნობილია de facto-დ, მაგრამ საერთაშორისო ინდივიდუალობის სისრულესთვის მას აკლია de jure ცნობა. ეს გარემოება ჩვენ სახელმწიფო ორგანიზმისთვის საგრძნობელია და ხელს უშლის ევროპასთან ეკონომიურ სოლიდარულ კავშირის დამყარებას.
ჩვენ ხალხს მტკიცეთ სწამს, რომ საფრანგეთი de jure-ს საკითხში საქართველოს დაიცავს. მილეირანმა დაარწმუნა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი, რომ საქართველოს საფრანგეთი დიდი სიმპატიით უყურებს და იგი ყოველგვარად ეცდება საქართველოს გაუწიოს დახმარება. პრეზიდენტმა დაუმატა, რომ საფრანგეთის მთავრობა თვალყურს ადევნებს იმ აღმშენებლობით მუშაობას, რომელიც ამ ჟამად სწარმოებს საქართველოში დემოკრატიულ სახელმწიფოს განსამტკიცებლად. რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობას, რესპუბლიკის პრეზიდენტი ამ საკითხს სიმპატიით უყურებს და საქართველოს მისი დადებითი გადაწყვეტის იმედი უნდა ჰქონდესო“.