სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი მოსახლეობას მოუწოდებს არ აჰყვნენ ქემალისტთა პროპაგანდას
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 ნოემბერი, N257
მეჯლისი მოწოდება
ბათომის ოლქში ქიამალისტების მიერ გავრცელებული პროკლამაციებისა და თურქოფილური მოძრაობის გამო მეჯლისმა ადგილობრივ ქართველ მუსლიმანებს მიმართა შემდეგი მოწოდებით:
„ჩვენო ძვირფასო მამულიშვილნო, მოისმინეთ, რას გეუბნებათ თქვენი ნების გამომხატველი მეჯლისი:
სამუსლიმანო საქართველოს ფრიად გაუმრავლდა ათასი უპასუხისმგებლო პიროვნებანი, რომელნიც აღელვებენ ხალხს და ათასი ცრუ აღთქმებით ჰხიბლავენ, რის მიზანიც არის ყველას თვალები აუხვიონ და არევ-დარევა შეიტანონ თქვენში.
თქვენ შეგასმინეს და გასმენენ კიდეც, ვითომც საქართველოს მთავრობა მტერია თქვენი, ვითომ საქართველოს მთავრობა გიუქმებდეთ სკოლებს და რწმენის გულს მახვილით გიგმირავდნენ!..
მამულიშვილნო, ვისაც სჯერა ასეთი სიტყვა, ის ყოვლად დაბეჩავებული იქნება! ნუ თუ დიად წარსულის შვილებს, სახელოვან მამა-პაპათა შთამომავლებს შეგშვენით ასეთ შხამიან სიტყვებს დაუჯეროთ, რასაც ბოროტი და ჩვენი ერის მტრები ანთხევენ?
მამულიშვილნო! თქვენ მიერ არჩეული და თქვენი უზენაესი სურვილების მატარებელი მეჯლისი ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცით ამოწმებს, რომ სტყუის, ვინც აგრე ამბობს, ის უთუოდ ხალხის მტერია!
მამულიშვილნო! ჩვენ გიგზავნით ჩვენს მოციქულებს და გახარებთ სასიხარულო ამბავს, რომ საქართველოს მთავრობამ რაც გვითხრა, რასაც დაგვპირდა იმ თავითვე, კიდეც ხელმტკიცედ აგვისრულებს: სამუსლიმანო საქართველოს გვეძლევა ავტონომია, რაც უკვე აღნიშნულია დამფუძნებელ კრებაში დასამატკიცებლად განმზადებულ კონსტიტუციის მე-120 მუხლში.
ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვამოწმებთ, რომ სამუსლიმანო საქართველოსთვის ეს სიტყვა – „ავტონომია“ არაა ცარიელი სიტყვა, რომ მეჯლისიც და სრულიად საქართველოს მთავრობაც მალე შეუდგება მთავარი გეგმის შედგენას, თუ რა სახით და როგორი უნდა იყოს ჩვენი ავტონომია!
მამულიშვილნო! ჩენ გვგონია, რომ ამ დიდ სიხარულს თქვენც სიხარულით მიიღებთ და ყველა ჩვენს მტრებს ფრთებს შევუკვეცავთ, რომ შეცდომაში არ შეგვიყვანონ!
გახსოვდეთ მარად, რომ თქვენ მარტონი არა ხართ, რომ თქვენ გყავთ უზენაესი მფარველი თქვენი, მეჯლისი, რომელიც პასუხისმგებელი იყო და იქნება ყოველს თქვენს ბედნიერებასა და უბედურობისა!
გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძმა ქრისტიანები მზათ არიან ჩვენი ჭირი და ლხინი ჩვენთან ერთად გაიზიარონ!
მაშ ფრთხილად, მამულიშვილნო!
ღმერთი ჩვენთანაა და საზოგადო გაჭირვებიდან, რომელიც ერთნაირად გვაწუხებს ჩვენს, მუსლიმანებს, და იმათაც, ჩვენს ქრისტიან ძმებს, ის გამოგვიყვანს, არ გაგვწირავს, როგორც არ გაგვწირა საუკუნეთა განმავლობაში!
მაშ ჩვენთან, მამულიშვილნო! ისმინეთ მეჯლისის სიტყვა და დარიგება!
ნუ ენდობით ცრუ და ამაღელვებელ ხმებს! გახსოვდეთ, რომ ყოველი არეულობა, ყოველი უგუნურად გადადგმული ნაბიჯი სახელს გაგიტეხავთ თქვენც, თქვენს მეჯლისსაც და რაც უარესია, ეს გამოიწვევს არეულ-დარეულობას და ისეთს შიმშილსა და სიღატაკეს, რომ დღევანდელი გაჭირვებაც კი სანატრელი გაგვიხდეს!
ღმერთი და კეთილგონიერება იყოს თქვენი მფარველი და წინამძღოლი, ჩვენო ძვირფასო მამულიშვილნო!
„სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი“
(გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“)