ათასობით მომიტინგე რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ცესკოსკენ დაიძრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ათასობით მომიტინგე, ოპოზიციური პარტიების ლიდერობით, ცესკოს შენობისკენ დაიძრა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი ცესკოს შენობის პიკეტირებას გეგმავენ.
ოპოზიციამ ცესკოსკენ წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 20:00 სთ-ზე ქართული ოცნებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენებას, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციების ჩამოყალიბებასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან კონტაქტზე გამოვიდა და მათ ხვალ შეხვედრა შესთავაზა. თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციამ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა და ხელისუფლებისგან დაუყონებლივ ქმედებას ითხოვენ.
ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, პარტიამ ლელო საქართვესთვის, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლეიბორისტულმა პარტიამ, პარტია მოქალაქეებმა, დემოკრატიულმა მოძრაობამ – ერთიანმა საქართველომ თავიანთი ათასობით მხარდამჭერი „მოპარული არჩევნების“ გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ 8 ნოემბერს 15:00 საათზე შეკრიბა.
ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზება და „აბსურდული“ მოთხოვნების წამოყენება ოპოზიციის უფლებაა.
კვირის დასაწყისში, თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ და ცესკომ არჩევნები გააყალბეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)