პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, 19 პირი დააკავა
პოლიციამ გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შენობის წინ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქცია, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „გაყალბების“ გამო უნდობლობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს, პირველად პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა. შემდეგ, მომიტინგეების ნაწილი ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის, ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების მოთხოვნით, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრა. ხმების არასათანადოდ დათვლაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია სწორედ თამარ ჟვანიას აკისრებს.
ცესკოსთან სიტუაცია დაახლოებით 21:45 საათისთვის დაიძაბა, როდესაც პოლიციამ მომიტინგეების იმ მცირე ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ცესკოს შენობას მიუახლოვდა, წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. ამ დროს, მომიტინგეების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ პარლამენტის ტერიტორიიდან ცესკოს შენობისკენ მიემართებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წყლის ჭავლის გამოყენება გამართლებული იყო, რათა მომიტინგეების მიერ ცესკოს შენობის „შტურმით აღება“ აღეკვეთათ. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეების მცირე ჯგუფი ცესკოს პერიმეტრზე არსებულ ლითონის ჯებირს ეჯაჯგურება. ჯებირის მეორე მხარეს სპეცრაზმია მობილიზებული.
როდესაც მომიტინგეების დიდი ნაწილი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერები, ადგილზე წყლის ჭავლის პირველად გამოყენებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ, სიტუაცია უკვე განმუხტული იყო. ვითარება 9 ნოემბრის 01:05 საათზე კვლავ მას შემდეგ დაიძაბა, რაც სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ, პოლიციამ ამჯერად უკვე წინასწარი გაფრთხილების შემდეგ, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა.
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ცესკოსთან მიმდინარე შტურმში“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა მელია დაადანაშაულა და მას „კრიმინალი“ უწოდა.
„ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. პოლარიზაციასა და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როცა პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში“, – აღნიშნა კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, უწყებამ ჯამში 19 პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 27-მდეპირი დაშავდა, მათგან 14-მდე სამართალდამცველი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე მოქალაქე. რამდენიმე მედიასაშუალება ასევე იტყობინება, რომ მათ აპარატურა დაზიანდა.
ზოგიერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ წყლის ჭავლის გარდა აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი აირიც გამოიყენა, რადგანაც მათ თავი შეუძლოდ იგრძნეს და თავბრუსხვევაც აღენიშნებოდათ. შსს-მ ცრემლსადენი აირის გამოყენება არ დაადასტურა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცესკოს შენობასთან აკუსტიკური მოწყობილობაც (LRAD) იყო განთავსებული, რომლის ზემოქმედებაც მსგავს სიმპტომებთან ასოცირდება. თუმცა, მათი გამოყენება არც პოლიციამ დაადასტურა და ამის გადამოწმება ვერც დამოუკიდებლად მოხერხდა. დღევანდელ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირის გამოყენება კიდევ ერთხელ „კატეგორიულად“ უარყო და განმარტა, რომ, შესაძლოა, სამართალდამცველებმა ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს.
არასამთავრობოები, სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ წყლის ჭავლის გამოყენება გაუმართლებელია
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება მაშინვე დაგმეს.
ლომჯარიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების ხმამაღალი ფორმით გაფრთხილების გარეშე ძალის გამოყენება „ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას“.
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წყლის ჭავლის გამოყენებას „გაუმართლებელი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ პოლიციამ უხეშად დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და შექმნას პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ პოლიციის პირისპირ დგომა, სიტუაცია კი უფრო და უფრო რთულად სამართავი ხდება“, – აღნიშნა „საია“-მ.
Authorities should try to deescalate situation. Police force isn't an adequate response to legitimate grievances in #Georgia. Protest remains peaceful & despite warning to disperse, police has no cause for violent intervention into freedom of assembly at this stage. #GVote20 https://t.co/0cMpqkjHZJ
— Giorgi Gogia (@Giorgi_Gogia) November 8, 2020
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებულმა დირექტორმა, გიორგი გოგიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება სიტუაციის დეესკალაციას უნდა შეეცადოს. „საპოლიციო ძალის გამოყენება არ არის ლეგიტიმურ წუხილებზე ადეკვატური პასუხი. პროტესტი მშვიდობიანი რჩება და მიუხედავად დაშლისკენ გაფრთხილებისა, პოლიციას არ აქვს მიზეზი, რომ ამ ეტაპზე შეკრების თავისუფლებაში ძალადობრივად ჩაერიოს“, – განაცხადა მან.
ადრინდელი მოვლენები
ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ათასობით მხარდამჭერი „მოპარული არჩევნების“ გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე შეკრიბა.
აქციაზე ოპოზიციამ შემდეგი სამი მოთხოვნაც წამოაყენა:
- ხელახალი არჩევნები;
- ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევნების „გაყალბებისთვის“ პასუხისგებაში მიცემა;
- „პოლიტპატიმრების“, მათ შორის „მთავარი არხის“ აქციონერის გიორგი რურუას, ასევე სადემარკაციო კომისიის ორი ყოფილი ექსპერტის, რომლებიც აზერბაიჯანისთვის მიწების სავარაუდო გადაცემის საქმეზე არჩევნებამდე დააკავეს, გათავისუფლება.
ოპოზიციამ მმართველ პარტიას მოთხოვნების შესასრულებლად დრო 20:00 საათამდე მისცა.
ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზება და „აბსურდული“ მოთხოვნების წამოყენება ოპოზიციის უფლებაა.
20:00 საათზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას მოლაპარაკების 9 ნოემბერს გამართვა სთხოვა, თუმცა ოპოზიციამ შემოთავაზება უარყო და მმართველი პარტიისგან დაუყოვნებლივ მოქმედება მოითხოვა.
ამის შემდეგ, მელია და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა მომიტინგეებს ცესკოს შენობასთან გადაადგილებისკენ მოუწოდეს.
არჩევნების სადავო შედეგები
ის ოპოზიციური პარტიები, რომელთაც პარლამენტში შესასვლელად საჭირო 1%-იანი ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებენ. მათ შორის არიან – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ოპოზიციური ხმების უმეტესობა მიიღო, ასევე ევროპული საქართველო, ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია, მოქალაქეები, ასევე პატრიოტთა ალიანსი, რომელიც საერთო ოპოზიციურ აქციებს არ ერთდება, თუმცა პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თქმით, საარჩევნო უბნების დაახლოებით 8%-ზე ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენის რაოდენობა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას აღემატებოდა, „რიგ უბნებზე კი – მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებზე აღნიშნული ტენდენციის გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა.
ოპოზიცია აღიარებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ პირველი ადგილი მოიპოვა, თუმცა აცხადებს, რომ საარჩევნო დარღვევების გათვალისწინებით, მმართველ პარტიას, შესაძლოა, ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი უმრავლესობა ვერ მოეპოვებინა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულ ოცნებას 150-წევრიან პარლამენტში 74 ადგილი უკვე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ 2 მაჟორიტარული მანდატი სჭირდება.
ოპოზიციის გეგმები
ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს 9 ნოემბერს 18:00 საათზე პარლამენტის წინ შეკრებისა და პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ლარის კურსის გაუფასურებასა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას დაემთხვა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც კორონავირუსის მსუბუქი ფორმის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება, 9 ნოემბერს დილით განაცხადა, რომ „ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივითა და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე“. „მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, – დასძინა მანვე.
9 ნოემბრიდან, ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება აიკრძალა. ჯერჯერობით უცნობია, დაიშლებიან თუ არა აქციის მონაწილეები 22:00 საათისთვის, ან რა რეაგირებას მოახდენს პოლიცია იმ შემთხვევაში, თუ კომენდანტის საათი დაირღვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)