მოსაზრება | რუსეთი ყარაბაღში: მოთამაშე?! დიახ. გამარჯვებული – არა.
ყარაბაღში დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს რუსეთის როლთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, რუსეთმა მოახერხა თითქოს ხელიდან გაშვებულ თამაშში ძლიერი ხელით შემობრუნება, თუმცა გამარჯვებაზე ლაპარკი ზედმეტია.
ვითარება ჯერაც არეულია. მრავალი საკითხი, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სტატუსის უმნიშვნელოვანესი თემა საბოლოო მოგვარებას მოითხოვს. სირიის მაგალითზე ნათლად გამოჩნდა – შეიძლება კონფლიქტში არბიტრის როლში კი იყო, მაგრამ მისი საბოლოო გადაწყვეტის არანაირი შესაძლებლობა არ გაგაჩნდეს.
ყარაბაღში რუსეთი სტატუს კვოს ფრიად შეკვეცილი ვარიანტის დამცავად მოგვევლინა. მისი ჩართცა დაგვიანებულია, რეალურად გადასახდელი ფასი კი – მაღალი: სამშვიდობო ოპერაცია სრულიად მარტო უნდა იტვირთოს. მართალია, რომ თუკი ამ ფასს იმპერიალისტური თვალთახედვით შევხედავთ, გარკვეული წარმატება სახეზეა – 1991 წლიდან პირვლად, რუსეთის ჯარები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში იქნება განლაგებული.
მოსკოვმა ის კი მოახერხა, სომხეთთან თავისი სამოკავშირეო ვალდებულებები კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ფარგლებში ფორმალურად არ დაერღვია, თუმცაღა მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტად რუსეთის აღქმა ამიერიდან გაჭირდება. რუსეთმა შესაძლებელი გახადა სომხეთის დამარცხება, აზერბაიჯანთან იარაღითაც სარფიანად ივაჭრა.
რუსეთისთვის ფრიად სასიამოვნო სანახავია, რომ აშშ და საფრანგეთი – მინსკის ჯგუფის წევრები – თამაშიდან გამოვარდნენ. რამაა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ დასავლეთს მედიატორების მაგიდასთან თავისი ადგილის დასაცავად მაინცდამაინც არ უბრძოლია. სამაგიეროდ, თურქეთმა რუსეთის საზღვრებთან თანა-არბიტრის როლი ითამაშა და ისიც ყველას დაანახა, რომ თავისი მოკავშირეების დასახმარებლად F-16-ების გაგზავნას არ მოერიდება.
იმის გაცნობიერება, რომ გაყინული კონფლიქტის სამხედრო ძალით მოგება შეიძლება, რასაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაჟინებით უსვამს ხაზს, თავისთავად სახიფათოა, მათ შორის მოსკოვისთვისაც. რეგიონში არსებულ ყველა სხვა კონფლიქტში დღეს რუსეთი იმავე მდგომარეობაშია, რაშიც სომხეთი იყო ყარაბაღის შემთხვევაში, იცავს რა სამხედრო ძალით თავის მიერვე შექმნილ სტატუს კვოს. არცაა გასაკვირი, რომ უკრაინა ფრიადაა დაინტერესებული თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით, მათ შორის იქაური დრონების შეძენითა და წარმოებით.
როგორც ბევრი დამკვირვებელი მიუთითებს, კრემლს ესიამოვნება, თუ განრისხებული სომეხი მოქალაქეები პრემიერ ფაშინიანის მოიშორებენ. მართლაც, კრემლის ბინადრების თვალით თუ შევხედავთ, ფაშინიანი ცეცხლს ეთამაშებოდა – რუსეთისთვის ზურგი ღიად არ უქცევია, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დასავლეთისკენ თვალის გაპარება რუსეთში არ გამორჩენიათ. რუსეთისთვის ფაშინიანის მოშორება სასიამოვნო კი იქნება, მაგრამ ეს კრემლის სტრატეგიულ ამოცანაში არ უნდა აგვერიოს.
სულ რაღაც ერთი თვის წინათ, 10 ოქტომბერს რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტას პატივი არავინ სცა. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში? “სანამ დიპლომატია ეფექტურ მუშაობას შეძლებდეს, ჯერ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება უნდა გაირკვესო,” წერდა ამას წინათ ანალიტიკოსი მურად მურადოვი ჟურნალ “გეოპოლიტიკურ მონიტორში” და რუსეთიც ზუსტად ასე მოქმედებს. ამ ერთი თვის განმავლობაში სომხეთის მარცხი ბრძოლის ველზე გარდაუვალი გახდა. მნიშვნელოვანი რამ უნდა გავიხსენოთ: რუსეთს მოთმინებისა და ჩარევისთვის სწორი მომენტის შერჩევის დასავლეთზე მეტი საშუალება აქვს, რადგანაც დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით, მის ლიდერებს საზოგადოებრივ აზრისათვის ანგარიშის გაწევა არ უწევთ. კრემლმა უკეთ იცის, როგორ გაითვალისწინოს ბრძოლის ველზე არსებული რეალობები დიპლომატიაში და ახლაც სწორედ მაშინ გამოიყენა თავისი წონა, როცა პრემიერ ფაშინიანს უფრო დააზიანებდა. თუმცაღა ისიც უნდა ითქვას, რომ კრემლი ძალაუფლების გარეგნულ სიმბოლოებს ხშირად გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ამავე თემაზე: