მოსაზრება | სომხეთი გზაგასაყარზეა
მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილის დაბრუნებით აზერბაიჯანმა მისი საშინაო პოლიტიკისათვის – და ეგებ მისი ეროვნული იდენტობისათვის – საკვანძო საკითხის გადაჭრა მოახერხა. თავად ომის შედეგებს რომ თავი დავანებოთ, მომავალი წლების განმავლობაში იძულებით გადადგილებული პირების სახლებთი დაბრუნება ალიევების დინასტიას სახალხო მხარდაჭერის ამოუწურავ მარაგს უქადის – მათ მმართველობას განჭვრეტად მომავალში ვეღარაფერი დაემუქრება. თუკი მათი გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, როგორია სხვა სახელმწიფოების შედეგები?
რუსეთმა რთული ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლის მოძებნა მოახერხა. აზერბაიჯანის „დაკარგვის“ შიშით მას არ შეეძლო სრული მხარდაჭერა გამოეცხადებინა სომხეთისათვის. ოღონდ იმასაც ვერ დაუშვებდა, აზერბაიჯანს მთელი ყარაბაღის აღებით ჰუმანიტარული კატასტროფა გამოეწვია და ამით რუსეთის რეპუტაცია ფეხქვეშ გაეთელა. საქმის აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის მთლიანად აღებით დასრულება რუსეთს არც აწყობდა: ეს ხომ ორივე მხარეზე დააკარგვინებდა გავლენას. თანაც, თურქეთის ჩართულობა ნიშნავდა, რომ არსებობდა კავშირი მსოფლიოს სხვა რეგიონებთან, სადაც რუსეთი და თურქეთი არიან ჩართული – განსაკუთრებით კი სირიასთან.
სამშვიდობო ჯარების ჩაყენება რუსეთს საშუალებას აძლევს დაიბრუნოს წამყვანი – შეიძლება ითქვას, შეუცვლელი – როლი ამ რეგიონში, რაც ეწინააღმდეგება ზოგი მკვლევარის მიერ გამოთქმულ შეხედულებას, რომ თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანისათვის გაწეულ დახმარებაზე თვალის დახუჭვა რეგიონიდან რუსეთის გასვლას მოასწავებდა. ამჟამად რუსეთი მინსკის ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელსაც ადგილზე სამხედროები ჰყავს. ამით რუსეთმა წინასწარვე დაიბევა წამყვანი ადგილი ნებისმიერ მომავალ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბაიდენის პრეზიდენტობის ვითარებაში აშშ კვლავ მიაპყრობს თავის ყურადღებას კავკასიის რეგიონს.
სამშვიდობო ოპერაციაში თურქეთის შედარებით მოკრძალებული როლი ეგებ იმის დასტურიცაა, რომ ანკარა აღიარებს რუსეთის წამყვან როლს რეგიონში, ანდა ეგებ იმისაც, რომ არსებობს კავშირი სხვა ტერიტორიებთან – მაგალითად იდლიბთან – სადაც ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთთან ურთიერთობებს ბრძოლის ველზე აგვარებს. ბევრმა მიაქცია ყურადღება რუსული კონტინგენტის შედარებით სიმცირეს – ოპერაციაში ორ ათასზე ნაკლები სამხედრო იღებს მონაწილეობას. ოღონდ იმ კავშირების სიღრმე, რომლებიც მოსკოვს ორივე მხარესთან აქვს და კავკასიაში რუს სამშვიდობოებთან დაპირისპირების მწარე გამოცდილება 2008 წელს ნიშნავს, რომ სამშვიდობოების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
თურქეთის მთავარი სიმბოლური მონაპოვარი აზერბაიჯანში თავისი სტატუსის კიდევ უფრო განმტკიცებაა – თუმცა ჯერ სანახავია, რამდენად და როგორ გარდაისახება ეს სტატუსი გრძელვადიან სტრატეგიულ როლად. ბევრად უფრო ხელშესახები მოგებაა სატრანზიტო, სატრანსპორტო კორიდორის გახსნა ნახიჭევანთან და, მისი გავლით, აზერბაიჯანის ძირითად ნაწილთან.
სომხეთისთვის უკანასკნელი მოვლენები თითქმის ერთმნიშვნელოვნად მარცხია. მთიანი ყარაბაღის საკითხი აქაური ეროვნული თვითშეგნებისათვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც აზერბაიჯანში, რაც ომის დროს საშინაო და საგარეო მობილიზაციის გაუგონარი დონითაც გახდა ნათელი. ის, რაც სომხეთისათვის ერთ დროს იშვიათი გამარჯვებისა და წარმატების სიმბოლო იყო, უეცრად გლოვისა და მსხვერპლად შეწირვის კიდევ ერთ საბაბად იქცა. თურქეთის მონაწილეობამ გენოციდის მოუშუშებელი ჭრილობები ხელახლა გახსნა და კიდევ ერთხელ გააღვივა ყოფნა-არყოფნის შესახებ პარალელები ყარაბაღსა და 1915 წელს შორის. სომხური საზოგადოება ახლა შოკშია – როგორც თავად სომხეთში, ისე საზღვარგარეთ, დიასპორაშიც.
მომავალ დღეებში, კვირებსა და თვეებში სომხები რთული არჩევანის წინაშე იდგებიან. ეს არჩევანი ეროვნული იდენტობის საფუძველს შეეხება. ეს იქნება არჩევანი წარსულის ნაციონალიზმს, რომელიც ძველად განცდილ უსამართლობასა და ჯავრს ეყრდნობა, და მომავლისაკენ მომართულ ხედვას შორის, რომელიც მოქალაქეობის ახალ გააზრებას, 21-ე საუკუნის სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფოებრიობის მშენებლობასა და უზრუნველყოფის ამოცანას უკავშირდება.
რომელი ხედვა გაიმარჯვებს პოლიტიკური არეულობის პერიოდის შემდეგ, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაიაზრებს საზოგადოება მთიან ყარაბაღში განცდილ მარცხს: როგორც 1998 წლიდან გაბატონებული „ტრადიციული“ ნაციონალიზმის დამარცხებას; თუ როგორც „ეროვნულობისადმი არასაკმარისად ერთგული“ ელიტისაგან „ზურგში დანის ჩაცემას“. სომხეთისათვის ეს გზაგასაყარია, რომელიც სავარაუდოდ მის მომავალს რამდენიმე თაობის განმავლობაში განსაზღვრავს.