ევროპელი სოციალისტები პრესაში საქართველოს შესახებ სტატიებს აქვეყნებენ
გაზ. ერთობა, 1920 წლის 16 ნოემბერი, N261
ევროპის სოციალისტები საქართველოში მოგზაურობის შესახებ
ევროპის ჟურნალ-გაზეთები, განურჩევლად მიმართულებისა, სავსეა ამბებით ევროპის სოციალისტური დელეგაციის საქართველოში მოგზაურობის შესახებ.
დელეგაციას ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია თავისი მოხსენება ამ მოგზაურობის შესახებ, ვინაიდან მოხსენების დასამთავრებლად ელოდებიან იმ დამატებითი ცნობებს, რომელიც ამხანაგმა ლუი დე-ბრიუკერმა უნდა ჩამოიტანოს. მიუხედავათ ამისა დელეგატებმა გაზეთების საშუალებით საკმაოდ მოჰფინეს მკითხველ საზოგადოებას ცნობები თავისის დაკვირვებიდან და დიდი შთაბეჭდილებებიც მოახდინეს.
ინგლისური გაზეთი „ტომეს“-ში [ტაიმში] დაიბეჭდა ინტერვიუ ქ-ნ სნოუდენთან. ქალბატონი სნოუდენი აღიარებს მის მიერ ნახულს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოში და აღნიშნავს იმ მშვენიერ შედეგებს, რომელსაც ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მიაღწიეს.
ლონდონის ყოველკვირეულ ჟურნალ „მატენ“-ში მოთავსებული იყო ვრცელი და ჩინებულათ დაწერილი სტატია რამზეი მაკდონალდისა: „სოციალისტური სახელმწიფო კავკასიაში“. ავტორი აღნიშნავს ღრმა სიბრძნეს ქართველი სოციალ-დემოკრატიისას, (განსაკუთრებით მიწის საკითხში) და ენერგიულად მოითხოვს მთავრობისა და ხალხისაგან საჭირო დახმარებას პატარა რესპუბლიკისადმი, სადაც ავტორის სიტყვით, ბუნებაც, ხალხიც და პოლიტიკაც ერთგვარად მომხიბვლელია.
ბრიუსელის გაზეთ „ლე სირა“-ში დაბეჭდილია ვრცელი საუბარი ამხანაგ ვანდერველდესთან, საქართველოს შესახებ ფაქტიურ ცნობების გამოცემისა და საქართველოსადმი წრფელი თანაგრძნობის გამოთქმის შემდეგ ამხანაგ ემილ ვანდერველდე აღნიშნავს შესაძლებლობასა და საჭიროებას საქართველოსა და ბელგიას შორის ეკონომიური კავშირის აღდგენისას. ემილ ვანდერველდე გამოსთქვამს აგრეთვე სრულს იმედს, რომ ახლო მომავალში ბელგია იცნობს სრულს იურიდიულ დამოუკიდებლობას საქართველოს რესპუბლიკისას.
განსაკუთრებით მრავალი ცნობები დელეგაციის საქართველოში მოგზაურობის შესახებ იბეჭდება ფრანგულ პრესაში.
ამხანაგ ალბერ ინგელსი „ლე კრი დუ ნურ“-ში ათავსებს მთელს რიგს ვრცელ წერილებისა საქართველოს სოციალ-დემოკრატიის შესახებ.
ამხანაგმა მარკემ დაიწყო ბეჭდვა მთელი რიგი წერილებისა საქართველოს შესახებ. წერილი, რომლითაც დაიწყო ეს სერია, მოთავსებულ იქმნა როგორც მოწინავე წერილი. ამ წერილში მოყვანილია სხვათა შორის ნოე ჟორდანიას სიტყვა, რომლითაც ეს უკანასკნელი მიესალმა დელეგაციას თფილისის სადგურზე. ამ სიტყვის შესახებ ამხანაგი მარკე ამბობს: „ნოე ჟორდანიას სიტყვებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ვინაიდან ამ რჩეულ ქვეყანაში, სადაც ჩვენ მოვედით აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალეთის გავლის შემდეგ, ეს სიტყვა როგორც გულისთქმა მთელი ხალხისა, სავსებით ეთანხმება აზრსა და გულის თქმას დასავლეთ ევროპის სოციალისტებისას. დიდის თანაგრძნობით ათავსებენ ინგელსის და მარკეს შთაბეჭდილებას საქართველოს შესახებ გაზეთები „ეკლერი“, „ჟოვერსალ“, „ფარ დე ლესუარ“.
„ტან“-ში მოთავსებულია ვრცელი კორესპოდენცია დელეგაციის საქართველოში მოგზაურობის შესახებ. კორესპოდენციაში გულწრფელი თანაგრძნობაა გამოთქმული საქართველოს რესპუბლიკისადმი.
ენერგიულ კამპანიას ეწევა საქართველოს სასარგებლოთ ამხანაგი რენოდელი. მისი რედაქტორობით გამოცემულ გაზეთ „ლა ვი სოციალისტე“-ში რენოდელი სწერს იმ შემთხვევის შესახებ, რომელთაც საქართველოს რესპუბლიკა დაუხვდა თავის სტუმრებს: „არა სამხედრო პარადებით შეეგება დელეგაციას, არამედ საერთო სახალხო აღფრთოვანებით. დელეგაციის შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა მთელი ხალხი: მამაკაცები, ქალები, ბავშვები, რომელთაც სახეზე ამოიკითხავდით გულწრფელ სიხარულს და კმაყოფილებას“.
საქართველოს მდგომარეობის შესახებ იგივე გაზეთი სწერს: „რესპუბლიკის მდგომარეობა მძიმეა, ფულის კურსის დაცემა, ეკონომიური მდგომარეობის გართულება, რაიც გამოწვეულია ხანგრძლივი ომისაგან, რომელიც საქართველომ ამ სამი თვის წინად გაათავა და რომელიც ხელახლა შეიძლება განახლდეს უკეთუ საქართველოს კვლავ დაესხმის ოსმალეთი, ან რუსეთი, რომელთა საფრთხე მუდმივ თვალწინ უდგას პატარა რესპუბლიკას, ყველა ეს კარგად აქვს შეგნებული რესპუბლიკის სათავეში მდგარს და პასუხისმგებელ ამხანაგებს.
ისინი კარგათ გრძნობენ სიმძიმეს თავისი მოვალეობისას, მაგრამ ამაყობენ იმით, რომ მოვალეობათა აღსრულების დროს ისინი ეყრდნობიან მთელი ხალხის ნებას და თანაგრძნობას, რომ ის დახმარება, რომელსაც საქართველოს მუშები და გლეხები უწევენ თავის ხელმძღვანელობას, თავდებია მათი სრული გამარჯვებისა“.
ბალშევიკებმა „დეილი ჰერალდ“, „ლე ჰუმანიტე“, „ჟურნალ დე პეპლ“-ში სცადეს დელეგაციის მოგზაურობის სახელის გატეხა: მათ გაავრცელეს ხმა, თითქო ბათომში ხალხს ესტვინოს ევროპიელ სტუმრებისათვის. ამ ჭორს ხელი დასტაცა ბურცივის გაზეთმა „ობშჩეე დელო“-მ რენოდელმა თავის გაზეთ „ლა ვი სოციალისტე“-ში ამ ჭორისა და ჭორიკანების შესახებ ცხარე წერილი მოათავსა ამ სათაურით: „თუ ვერ უარყოფთ… ცხადია სტყუით“.
საჭიროა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სტუმრები ამ ბეჭდვითი პროპაგანდასთან ერთად ეწევიან ენერგიულ ბრძოლას საქართველოს სასარგებლოთ აგრეთვე ლექციებითა და სიტყვებითაც.
რამზეი მაკდონალდი ყველა თავისს საჯარო სიტყვებში ინგლისელ მუშათა წინაშე ლაპარაკობს საქართველოს შესახებ, როგორც ისეთ ქვეყანაზე, სადაც გონივრულად და სასარგებლოთ გატარებულია ცხოვრებაში ჭეშმარიტი მეთოდი სოციალიზმისა.
საფრანგეთში საკითხი საქართველოს დახმარების შესახებ დასმულია როგორც პროლეტარიატის, სინდიკალისტების, აგრეთვე სოციალისტური წრეების წინაშე. ამ მხრივ ენერგიულ მუშაობას ეწევიან საქართველოს ბელგიელი მეგობრებიც. კერძოთ ამხანაგი ჰიუსმანსი.