ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული და მაჟორიტარული ნაწილის პირველი ტურის შედეგები შეაჯამა. ცესკოს მონაცემებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა.
ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ ხმების 48.22% მიიღო და პარლამენტში 61 დეპუტატს შეიყვანს. მასე 27.18%-ით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსდევს, რომელსაც მიღებული ხმების მიხედვით 35 მანდატი ერგო. ევროპული საქართველო მიღებული 3.79%-ით პარლამენტში 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. პარლამენტში 4-4 დეპუტატს შეიყვანენ ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი, რომელთაც ხმების 3.15%, 3.15%, 3.14% და 2.89% მიიღეს. 1.33%-ით პარლამენტში ორი მანდატი მოიპოვა ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებმა. მიღებული 1%-ით პარლამენტში 1 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი ლეიბორისტული პარტია.
რაც შეეხება არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილს, ცესკოს საბოლოო შედეგებით, ქართულმა ოცნებამ 13 მაჟორიტარული ოლქი პირველივე ტურში მოიგო, 17-ში კი – მეორე ტური გაიმართება.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება და 17 მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებს კონკურენციას ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლეიბორისტული პარტიის, მოქალაქებისა და გირჩის კანდიდატები გაუწევენ.
ამავე დღეს, ქუთისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება. აქ ქართულ ოცნებას კონკურენციას ნაციონალური მოძრაობა გაუწევს.
ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%–იანი ბაირიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ, ახალ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ისინი არც მეორე ტურებში მონაწილეობას გეგმავენ.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით დიალოგი 12 ნოემბერს დაიწყო. დღეს ისინი ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდნენ. დაგეგმილია მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)