მცხეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მანამდე, არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, აქ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კერესელიძე ხმების 50.1%-ით არჩევნებს პირველივე ტურში იგებდა. საბოლოო შედეგების მიხედვით კი – მას ხმების 49.67% აქვს, რაც პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.
აქ ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 3 ნოემბერს მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ არჩევნებში ქსნის მე-15 პენიტენციური დაწესებულების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი „მნიშვნელოვანი შეცდომების“ გამო გააბათილა. თავის მხრივ, ცესკომ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენა.
ქართულ ოცნებას 30 მაჟორიტარული ოლქიდან 13 პირველივე ტურში მოგებული აქვს, 61 მანდატი უკვე აქვს პროპორციული წესითაც. შესაბამისად, მმართველ პარტიას პარლამენტში 74 გარანტირებული მანდატი უკვე აქვს და მას უბრალო უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 76 ხმისთვის დარჩენილი 17 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორის მოგება სჭირდება.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა
- ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური დიალოგი დაიწყო
- ოპოზიციური პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)