1920 წ. აშშ კონსული ტფილისში: ამერიკის საქართველოსთან დამოკიდებულება უეჭველათ სიმპატიურია
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 18 ნოემბერი, N262
ამერიკა-საქართველოს დამოკიდებულება
ამერიკაში 4 თვის ყოფნის შემდეგ ტფილისში დაბრუნდა ამერიკის კონსული დულიტლი, რომელმაც საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამერიკაში ევროპის პოლიტიკური საქმიანობის მიმართ სრული ინდიფერენტული დამოკიდებულება არის გამეფებულიო.
ამერიკის ცხოვრება თანდათან ნორმალურ კალაპოტში შედის. ჯარი გაუშვეს, მხოლოდ 200 000 კაცი არის დატოვებული. ამიტომ ზედმეტია ლაპარაკი ამერიკის საზღვრებიდან ჯარის გაყვანის შესახებ.
ეკონომიური ცხოვრება ლაგდება. საქონელი მოქალაქეთა ერთსულოვანი ბოიკოტის გამო იაფდება. ბაზარი საქონლით არის სავსე, ეს აიხსნება იმითაც, რომ საზღვარ-გარეთ საქონელი ნაკლებათ გააქვთ. ფასების დაცემა შემდეგ ციფრებში გამოიხატა: კოსტიუმი, რომელიც აგვისტოში 65 დოლარი ღირდა – ოქტომბერში 45 დოლარი ღირდა, შაქრის ფასი 25 ცენტიდან 18 ცენტამდე დაეცა და ასე სხვაზე. უკანასკნელ თვეებში გაფიცვები შეწყდა. რეაქცია არა მარტო მუშების შორის, არამედ მთელ საზოგადოებაში არის გამეფებული. მხოლოდ 20% მუშებისა თუ იღებს მონაწილეობას მუშათა კრებებში. ფასების დაცემაზე კარგმა მოსავალმაც იქონია გავლენა.
მთავრობის მიერ მიღებულია ზომები ფინანსიურ ცხოვრების მოსაწესრიგებლათ. ნება დართულია თავისუფალი გაცვლა საკრედიტო ბილეთებისა ოქროზე.
ამერიკა არ იცნობს კარგათ საქართველოს საქმეებს, მაგრამ მიუხედავათ ამისა მისი საქართველოსთან დამოკიდებულება უეჭველათ სიმპატიურია. ამერიკის ხალხს უყვარს თავისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, იგი მზათ არის მორალურათ ყოველ ერს დაუჭიროს მხარი დამოუკიდებლობის მოპოვებაში, მაგრამ არსებითად ამერიკას არ აქვს ნათლად წარმოდგენილი დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის. საბჭოთა რუსეთს ამერიკა თანაგრძნობით არ უყურებს.
ასეთი დამოკიდებულება კერძოთ იმაშიაც გამოიხატება, რომ ამერიკამ საბჭოთა დელეგატებს უბრძანა დაეტოვებიათ ამერიკის საზღვრები. ამერიკის ხალხი ბოლშევიზმს დროულმოვლენათ სახავს, ამიტომ იგი მომხრეა რუსეთთან სავაჭრო დამოკიდებულების აღდგენისა, თუმცა ამავე დროს იგი უარყოფს რუსეთის არსებულ მთავრობას.
ამერიკა ევროპის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგი არის. ბუნებრივია ამიტომ, რომ ამერიკას არ შეეძლო ცოტათ თუ ბევრათ სერიოზულათ მოპყრობოდა საკითხს სომხეთზე მანდატის მიღების შესახებ. უკანასკნელ დროს ახალი პრეზიდენტის არჩევის გამო ამერიკა-ევროპის პოლიტიკას უფრო ჩამოშორდა.