გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ახალგორელი პაციენტი ემსხვერპლა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალგორის მკვიდრი ონისე გათენაშვილი, რომელიც ერთი დღით ადრე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ დანარჩენ საქართველოში გადმოიყვანეს, კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ცხინვალის ხელისუფლების მიერ 2019 წლის სექტემბრიდან გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ოკუპირებული რეგიონის პაციენტებს, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, პირდაპირ თბილისში გადმოყვანის ნაცვლად, სამკურნალოდ ჯერ ცხინვალში აგზავნიან, სადაც შემდეგ უკვე თბილისში გადმოყვანაზე იღებენ ნებართვას. ახალგორის რაიონიდან თბილისში ჩამოსვლას დაახლოებით 50 წუთი სჭირდება, ხოლო ცხინვალის გავლით გამომგზავრება, ამ უკანასკნელის მიერ დაწესებული ბარიერების გადალახვის ჩათვლით, რამდენიმე საათით მეტ დროს მოითხოვს, რაც რამდენიმე პაციენტს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ გათენაშვილი ახალგორიდან „წითელი ჯვრის“ ჩართულობით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „ცენტრალურმა ხელისუფლებამ ,,წითელი ჯვრისგან’“ სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები, პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში“.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აგრძელებს ძალისხმევის განხორციელებას იმისთვის, რომ „მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში“.
„ამ მიზნით, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე“, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალში ახალგორის მუნიციპალიტეტიდან გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
- არასამთავრობოები ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)