IRI-მ არჩევნების შეფასების მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
აშშ-ის „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) 16 ნოემბერს არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „იმ რეფორმების მიზნები და სულისკვეთება, რომლებიც მიმართული იყო მრავალპარტიული დემოკრატიისა და კოალიციური მმართველობის მხარდაჭერისკენ, დააზიანა კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარმა დარღვევებმა, რომლებიც სანდო ცნობებშია აღწერილი“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნები ძირითადად „მშვიდ გარემოში“, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით ჩატარდა. „რესპუბლიკური ინსიტიტუტის“ შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში და „შედეგების შეჯამების პროცესის გარდა, ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ეფექტურად იყო განხორციელებული“.
IRI-ის თქმით, პროცედურული კუთხით, „შედეგების შეჯამების გაუმართავმა სისტემამ, რაც შესაძლო მანიპულაციის ეჭვს აჩენდა, კიდევ უფრო შეასუსტა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა ცესკოს დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი“.
ანგარიშში წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენებია განხილული და მასში ნათქვამია, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 56.1% იყო. „შეცვლილი სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობა აჩვენებს, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირებას, სადაც თითოეული ხმა უკეთესად იქნება წარმოდგენილი“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
„საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო [სისტემის რეფორმით] დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა“, – განაცხადა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ რეგიონული პროგრამების დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.
ორგანიზაციის თქმით, „წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე“. IRI დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლაზე, ასევე შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ მანიპულიაციებზე ამახვილებს ყურადღებას.
დოკუმენტის მიხედვით, ცესკოს ვებგვერდიდან აღებული შერჩეული ოქმების ანალიზის შედეგად შემდეგი დარღვევები გამოიკვეთა: შემაჯამებელ ოქმებში მიცემული ხმების რაოდენობა აჭარბებს უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას; ამომრჩეველს მიეცა ხმის მიცემის უფლება მაჟორიტარულ არჩევნებში, როდესაც ის სხვა მაჟორიტარულ ოლქს მიეკუთვნებოდა; ოქმების შესწორება ბეჭდის გარეშე; შემაჯამებელი ოქმების მიზანმიმართული გაყალბების ნიშნები; საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მათემატიკური შეცდომების მქონე შემაჯამებელი ოქმების მიღება და სხვ.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ შეფასებით, ცესკოს არჩევნების შედეგების შეჯამების სისტემა „მოიცავს სუსტ მექანიზმებს იმისთვის, რომ მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგების ჯვარედინი შემოწმება, მათემატიკური სიზუსტის უზრუნველყოფა და გადამოწმება, შედეგების საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნამდე“.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და არჩევნების მეორე ტურების ხარისხის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს რეკომენდაციებით მიმართავს.
მოუწოდებს რა მხარეებს „კონსტრუქციული“ დიალოგისკენ, „რესპუბლიკური ინტიტუტი“ აცხადებს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, პროვოკაციებისა და ზეწოლისგან. ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ და საჯაროდ დაგმონ სოციალური მედიით მანიპულირება, რომელიც იწვევს უთანხმოებას და ავრცელებს დეზინფორმაციას ელექტორატის დაბნევის მიზნით.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ სწრაფად უნდა მოხდეს საჩივრების განხილვა და „იმ უბნებზე, სადაც არსებობს შედეგებით მანიპულირების შემთხვებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ეჭვქვეშ დგას შედეგების დათვლის მთლიანობა, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს“. „აუცილებელია, შემუშავდეს საარჩევნო დავების განხილვის ეფექტური მაკონტროლებელი მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იქნას არჩევნებთან დაკავშირებული დავების მეტად დროული, ეფექტური და გამჭვირვალე გადაწყვეტა“, – დასძენენ ორგანიზაციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)