ქართველი პოლიტიკოსები IRI-ის შუალედურ ანგარიშს აფასებენ
აშშ-ის „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) 16 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „იმ რეფორმების მიზნები და სულისკვეთება, რომლებიც მიმართული იყო მრავალპარტიული დემოკრატიისა და კოალიციური მმართველობის მხარდაჭერისკენ, დააზიანა კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარმა დარღვევებმა, რომლებიც სანდო ცნობებშია აღწერილი“.
„სამოქალაქო საქართველო“ „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ შუალედურ ანგარიშზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის გამოხმაურებებს გთავაზობთ.
ქართული ოცნების გამოხმაურება
მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნება: „მე შემიძლია კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, […] იმ მისიებმა, რომელთაც უშუალოდ ჰყავდათ დამკვირვებლები და წარმომადგენლები საარჩევნო პროცესზე [არჩევნები] შეაფასა, როგორც კონკურენტული და თავისუფალი, ეს არის მთავარი. ახლა, რა თქმა უნდა, იქნება, მაგალითად, რომელიმე სუბიექტური ქართული ორგანიზაციის ანგარიშის საფუძველზე რომელიმე სხვა ანგარიში, ეს შეიძლება ასევე სუბიექტური იყოს. მაგრამ მთავარია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღიარეს, როგორც კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები შედგა საქართველოში“.
ოპოზიციის გამოხმაურება
თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „IRI-ის ანგარიში იყო უკიდურესად მწვავე და, რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო ამგვარი შეფასება. როგორც ძალიან მაღალი რეპუტაციის მგონი ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი ჩაუტარებია ქართულ ოცნებას. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს და, რა თქმა უნდა, ზუსტად იმავე ტიპის შეფასებებს ვისმენთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან“.
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ამ ანგარიშის მთავარი დასკვნაა, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა აუცილებელი სტანდარტები. ეს არის უმძიმესი შეფასება… და ნათლად მიანიშნებს იმ ცვლილებაზე, რომლებიც ჩვენი პარტნიორების პოზიციაში ხდება დროთა განმავლობაში… რაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი ჩვენი პარტნიორებისათვის, მით უფრო კრიტიკული იქნება საერთაშორისო აზრი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და მით უფრო კარგად გამოჩნდება, რამდენად დააზიანა საქართველოს ინტერესები ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებით“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)