აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ოპოზიციის მდუმარე საპროტესტო აქციის ფონზე შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორად რჩება.

„ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს”,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა და დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, „სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“.

ამის შემდეგ მაიკ პომპეო მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. გახარიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე აღნიშნა – „ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად“.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გახარიასთან და ზალკალიანთან შეხვედრაზე, მაიკ პომპეომ „ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე“. ამავე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.

იმ დროს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდა, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, „გაყალბებული არჩევნების“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მდუმარე აქციას მართავდნენ.

დღესვე, სახელმწიფო მდივანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მაიკ პომპეოს ვიზიტის დღის წესრიგი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას არ ითვალისწინებდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი უკვე დაასრულა და ისრაელში გაემგზავრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)