რამსეი მაკდონალდი: თავისუფლება, პატიოსნება და უმცირესობის უფლებების პატივისცემა – აი საქართველოს მთავრობის პრინციპები
გაზ. ერთობა, 1920 წლის 21 ნოემბერი, N268
სოციალისტური დელეგაცია საქართველოში
რამზეი მაკდონალდის წერილი
ჟურნალ „The Natiიn”-ის 16 ოქტომბრის ნომერში მოთავსებულია რამზეი მაკდონალდის წერილი საქართველოს შესახებ შემდეგი სათაურით: „სოციალისტური სახელმწიფო კავკასიაში“.
„ეს მე გასაკვირველად მეჩვენება, – იწყებს ის თავის წერილს, – მივახწიეთ ჩვენი მგზავრობის მიზანს. უკვე რამოდენიმე დღეა დავტოვეთ ის, რაც წინათ გვაკავშირებდა ევროპასთან; გავიარეთ კონსტანტინეპოლის მეჩეთი და ბაზრები; ჩვენი მიმართულება იყო სულ ამომავალ მზისაკენ და აი, ჩვენ გვხვდება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი [მთავრობის თავმჯდომარე] თფილისის სადგურზე, აღმოსავლეთურ ხალიჩებით მშვენიერათ მორთულ დარბაზში, რომლის კედლებიც დაფარულია კარლ მარქსის და მის საუკეთესო მოწაფეების სურათებით.
„კიდევ უფრო საკვირველი იყო, როდესაც რამოდენიმე დღის შემდეგ, კავკასიის მთების შიგ შუა გულში, გარშემორტყმულნი მრავალ, სიხარულით აღსავსე, ამაყ მთიულებით, ჩვენ ვიდექით და ღრმა ყურადღებით ვისმენდით მათ მისალმებებს.“
შემდეგ მაკდონალდი მოკლეთ აღწერს საქართველოს მიერ განვლილ გზას რუსეთის რევოლუციის დროს და საქართველოს მიერ დამყარებულ წესწყობილებას. შემდეგ სწერს: „აქ არ იყო არც „პროლეტარიატის დიქტატურა“, არც ერთი კლასის მეორე კლასის წინააღმდეგ წასისიანება, არც პრესის, სიტყვის კრებების თავისუფლების მოსპობა.“
საქართველოს სინამდვილის ამ თავისებურობას ის ხსნის საქართველოს დემოკრატიის დიდიხნის პოლიტიკური გამოცდილებით და მის შემოკრებით სოციალისტური დროშის გარშემო.
„როდესაც მოვიდა (რუსეთის რევოლუციის) დიადი ქარიშხალი, საქართველოს ხალხი ქალაქებში და სოფლებში გამსჭვალული იყო სოციალიზმის იდეებით და მან აღმართა წითელი დროშა ნაციონალურ დროშასთან ერთად. ბალშევიკებს ჩარევა უნდოდათ… გამოჩნდა მათი ჯარები, მაგრამ საქართველოს არ სურდა ისინი, საქართველოს შეიარაღებულმა მუშა-სოციალისტებმა გარეკეს ისინი. მაშინ ისინი კვლავ გამოჩდნენ ფულებით და პროპაგანდით, მაგრამ კვლავ საქართველოს მუშებმა უარჰყვეს ისინი.“
„იყო მომენტები, როცა სასწორი თითქოს ირყეოდა. იყო მომენტები, როდესაც „სახელმწიფო პირებმა“, რომლებიც ჰკრავენ ქონებას და რეპრესიებს მიჰმართავენ, – მიჰმართეს ძალდატანებას, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ ღალატობდა თავის თავს, და აძლევდა მოწინააღმდეგებს ფართო თავისუფლებას. მან გაიმარჯვა, ეხლა არც ერთი ბალშევიკურ საზღვარზე არ არის ამართული ისეთი მიუვალი კედელი, როგორც ის კედელი, რომელიც შექმნა საქართველოს სოციალისტურმა მთავრობამ.“
მაკდონალდი ეხება საქართველოს კონსტიტუციას და აღნიშნავს მის მხოლოდ ერთ მუხლს, რომელიც მას მოუხერხებლათ მიაჩნია. ეს ის მუხლია, რომლითაც აკრძალულია ერთისა და იმავე პირის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ორ წელიწადზე მეტს ყოფნას. ეს შეზღუდვა, მაკდონალდის აზრით, სწორია პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ არ არის მიზან შეწონილი პრემიერ მინისტრის მიმართ.
„თავისუფლება, პატიოსნება, უმცირესობის უფლებების პატივისცემა – აი საქართველოს მთავრობის პრინციპები.. „საქართველო, როგორც ქვეყანა, მისი პოლიტიკა, მისი ხალხი საუცხოვოა“ – ასეთია მაკდონალდის შთაბეჭდილება საქართველოს შესახებ.
„იმ დროს, როდესაც ყველგან ევროპაში სოციალისტური მთავრობები და პარტიები ქალაქის პროლეტარიატს ემყარებიან და ხშირი კონფლიქტები მოსდით მწვანე არმიასთან და მზგავს გლეხების ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით საინტერესოა აღინიშნოს – ჰარმონიისკენ მისწრაფება ქალაქსა და სოფელს შორის. ეს მიღწეულია აგრარული საკითხის გადაჭრით.“
მაკდონალდ აღნიშნავს, რომ აგრარული საკითხის სფეროში საქართველომ იგივე გზა აირჩია, რომელსაც დიდი ხანია იცავენ ირლანდიის სოციალისტები. აგრარულ საკითხის მარჯვე გადაწყვეტით ხსნის მაკდონალდი იმას, რომ საქართველოში გლეხობა მხარს უჭერს და ერთგულია არსებული წესწყობილების. „საქართველოს მრავალ-რიცხოვან გლეხების დელეგაციებისაგან, რომლებიც ჩვენთან მოდიოდნენ ღვინით და პურ-მარილით, მე მესმოდა მხოლოდ კმაყოფილების და მომავლის რწმენის სიტყვები.
მოდიოდნენ ჩემთან გლეხები შორიდანაც, ადერბეიჯანიდან. გვიამბობდნენ საშინელ ამბებს იმის შესახებ, რომ ბალშევიკები ანადგურებენ მათ მიერ ხელში ჩაგდებულ ქვეყანას კასპიის ზღვის ნაპირას, ისე როგორც გაანადგურეს მათ განჯა მის 50,000 მცხოვრებლებით.
მოდიოდნენ გლეხები და მუშები შავი ზღვის სანაპიროდან და გვიამბობდნენ, რომ კალიის მზგავსათ გაიარა მათ სოფლებზე დენიკინმა, და შემდეგ, ქარიშხლის მზგავსათ, გაიარეს ბალშევიკებმა. ისინი გვთხოვდნენ იარაღს, რომ განთავისუფლებულიყვნენ თავის მტრებისგან, ქართველი გლეხები კი გვთხოვდენ, გუთნებს და ბაღის სახნავ დანებს თავის მიწების დასამუშავებლათ, წინათ, როდესაც სპარსელები და სხვა მუსულმანი ხალხი მოდიოდენ აღმოსავლეთიდან, საქართველო ხშირად რჩებოდა კუნძულად ველურ ზღვაში.ვისხედით რა ჩვენს ოთახში, თფილისში, და მოვისმინეთ რა დეპუტაციები, წავიკითხეთ დოკუმენტები, რომლებიც გადმოგვცეს ჩვენს განკარგულებაში – ჩვენ შეგვეძლო ადვილათ წარმოგვედგინა ეს სიძულვილის ტალღები, რომლებიც ეხეთქებიან ამ პატარა ბედნიერ სოციალისტურ სახელმწიფოს კედლებს, ეხეთქებიან, მაგრამ არ შეუძლიათ შევიდნენ მის ფარგლებში.“
დიდ ინტერესს წარმოადგენენ მაკდონალდის შენიშვნები ინგლისის პოლიტიკის შესახებ საქართველოს მიმართ.
„ისტორია, კულტურა და სული ქართველ ხალხისა აძლევენ მას ნაციონალურ თავისუფლების მოთხოვნის უფლებას, მაგრამ დასავლეთის გამარჯვებული ქვეყნები არ სცნობენ, ამას. ჩვენი წარმომადგენელნი თხოულობდენ საქართველოსგან, რომ მას მხარი დაეჭირა დენიკინისთვის. ისინი ართმევდენ საქართველოს სამხედრო ქონებას, რომ შეიარაღებინათ თეთრი გვარდია, რომელიც მზათ იყო თავს დასხმოდა საქართველოს და კვლავ დაედო მის კისერზე რუსეთის უღელი. ეს პოლიტიკა ცუდი გამოდგა. საქართველოს მიერ დენიკინის შეფასება უფრო სწორი გამოდგა, ვიდრე ინგლისის მიერ. ეხლა საქართველოს ემუქრება ყაჩაღური ბალშევიზმი ბაქოს მხრივ (შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ბალშევიკები ჰმართავენ ადერბეიჯანს, რადგანაც იქ მხოლოდ ულმობელი სამხედრო ოკუპაციაა). და ბალშევიკურ-თურქული ნაციონალისტური შეტევა ტრაპიზონის მხრივ, საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც ძალუძს, თავის დასაცავად. მაგრამ მანამ მისი არსებობა არ არის ცნობილი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიერ – მანამ საფრთხე შესაძლებელია ძლიერი აღმოჩნდეს.
ჩვენი პოლიტიკა ახლობელ აღმოსავლეთში გვეკარნახება გეოგრაფიული ქარტით. თუ ეს ქარტა რამეს არ ამბობს ბოლომდის – საკმაოა კავკასიის ხალხთა – შავსა და კასპიის ზღვის შორის – ისტორიის გაცნობა.
მაკდონალდი ენერგიულათ აფრთხილებს ინგლისის მთავრობას იმ პოლიტიკისაგან, რომელსაც შეუძლია მიიყვანოს საქართველო მეორე ბალკანეთის მდგომარეობამდის.
„საქართველო ნაციონალისტურია ყოველივე იმპერიალიზმის გარეშე, ინტერნაციონალურია – მაგრამ არა აქვს ტენდენცია სხვის ნებისყოფის იარაღათ გადაიქცეს. ის უკვე აკეთებს ყველა იმას, რაც მას შეეხო, საქართველოს ფედერაციის შესაქმნელათ. მაგრამ ჯერ იმედები არ არის: სომხეთი ირყეოდა, ადერბეიჯანი ბალშევიკებმა ჩაიგდეს ხელში… და მაინც, თუ საქართველო მოიგერიებს თავის მტრების თავდასხმას, თუ ვრანგელის გამარჯვება და რუსეთის მილიტარიზაცია არ მიიყვანენ მას დაღუპვამდის – ის კვლავ დაუბრუნდება პოლიტიკურ ფედერაციას. თუ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ყველა შეცდომების შემდეგ – რაიმე ისწავლა – და მზათ არის იხელმძღვანელოს უბრალო გონიერებით და მომავლის განსჭვრეტით – მან უნდა თავის მხრით მხარი დაუჭიროს საქართველოს.
„ჩვენი მიზანი პირველად ყოვლისა იმაში მდგომარეობს, რომ ვიცნოთ საქართველო de jure, შემდეგ იმაში, რომ მხარი დაუჭიროთ და რჩევით ვუშველოთ მას მიხწევაში სომხეთთან სრული შეთანხმებისა, და შემდეგ ამავე გზით ვუშველოთ მას ამიერ-კავკასიის თავისუფალ ხალხთა კავშირი შექმნის საქმეში.
საქართველოს ხალხს წრფელი გული აქვს, როგორც მამაც რაინდს, და ერთ მეგობრულ ნაბიჯისათვის ის ძველ ბევრ უკმაყოფილებას და წყენას დავიწყებას მისცეს“.