წამყვანი ევროპარლამენტარი ქართულ ოპოზიციას ახალ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს
ესტონელმა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელია, 17 ნოემბერს ქართულ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს მოუწოდა, რომ „არჩევნების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა და აიღონ მანდატები, რათა პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მიერ დემოკრატიულად გამოხატულ ნებას“.
„მტკიცედ მიმაჩნია, რომ დემოკრატიისთვის გადამწყვეტი ინსტიტუტის სათანადო ფუნქციონირების შეფერხების ეს მიზანმიმართული მცდელობა წარუმატებელია“, – განაცხადა მან ოპოზიციის მიერ მეორე ტურების ბოიკოტისა და ახალ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ.
მარინა კალიურანდმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რამდენიმე ხარვეზის გარდა, რომლებიც კვლავ მოსაგვარებელია, არჩევნები კონკურენტული იყო, ხოლო ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება, დაცული.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საჩივარი კანონის ფარგლებში და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით უნდა იქნას განხილული.
მიესალმა რა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს, ევროპარლამენტარმა განაცხადა – „ღრმად მჯერა, რომ ევროატლანტიკური თანამშრომლობა უზრუნველყოფს გზას სტაბილურობისკენ და ველი საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტთან შემდგომ თანამშრომლობას“.
ასევე წაიკითხეთ:
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში პოლიტიკური ჩიხის გადალახვის მნიშვნელობაზე
- ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა
- ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)