მოსაზრება | ყარაბაღი: საქმე არც ისე კარგადაა
სამხრეთ კავკასიაში რუსეთი და ავტორიტარიზმი ძლიერდება
ავტორები: ირაკლი სირბილაძე, გიორგი ხატიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრები
2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღისთვის განახლებულმა ექვსკვირიანმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა რამდენიმე ათასი ადამიანი იმსხვერპლა. პანდემიის ფონზე მიმდინარე ომმა, რომლის დროსაც მხარეები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალულ შეიარაღებასაც კი იყენებდნენ, მძიმე ჰუმანიტარული და ეკონომიკური შედეგები მოიტანა. ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება.
2020 წლის 9-10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მედიატორობით, მხარეებმა, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწიეს. თუმცა, მას შეთანხმება ნაკლებად შეიძლება ეწოდოს, იგი უფრო მეტად წარმოადგენდა აზერბაიჯანის პირობებზე სომხეთის იძულებით დათანხმებას.
ახლადშექმნილმა რეალობამ, ამ ომის, პირდაპირი და არაპირდაპირი გამარჯვებულები და დამარცხებულები გამოავლინა. ახალმა სტატუს კვომ ასევე აჩვენა მრავალმხრივი საერთაშორისო დიპლომატიის მარცხი და რეგიონული სახელმწიფოების ცალმხრივი ქმედებების ტრიუმფი. ეს შესაძლოა მიუთითებდეს საერთაშორისო ურთიერთობებში „რეგიონალიზებული საერთაშორისო წესრიგის“ ფორმირებაზე, სადაც, ნორმების უგულებელყოფით, წამყვანი რეგიონული ძალები პატარა სახელმწიფოების ხარჯზე თამაშის საკუთარ წესებს ადგენენ.
ახალი შეთანხმება და ომის შედეგები
9-10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმებით სტეფანაკერტი და მის გარშემო არსებული ტერიტორია ყალიბდება აზერბაიჯანული არმიით გარშემორტყმულ ანკლავად, რომელსაც სომხეთთან ერთი მცირე სატრანსპორტო ზოლი აკავშირებს. ლაჩინის დერეფანს და თავად სტეფანაკერტს რუსი სამშვიდობოები დაიცავენ, რომლებიც იქ 5 წლით განთავსდებიან. ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ რომელიმე მხარე მათი მანდატის გაგრძელებს არ დაეთანხმება, ისინი ვალდებულები არიან ტერიტორია დატოვონ.
შესაბამისად, 5 წლის გასვლის შემდეგ, სტეფანაკერტზე სომხური კონტროლი აზერბაიჯანის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან ერთად, რუსეთი როგორც ამ ანკლავის ერთადერთი დამცველი, სომხეთზე მანიპულირების კიდევ უფრო დიდ სადავეებს იძენს. რუსეთმა შესაძლოა პირდაპირ განუმარტოს ნებისმიერ სომხურ ხელისუფლებას, რომ „ურჩობა“ მათ სტეფანაკერტის ხანკენდად გადაკეთებად შეიძლება დაუჯდეთ.
რა თქმა უნდა, შეიძლება საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა სომხეთი „გაყიდა“, „ვერ დაიცვა“ და რომ აზერბაიჯანის აგრესიისათვის ირიბად მწვანე შუქის ანთებით უბრალოდ „დასაჯა“ ერევანში არსებული არასასურველი რეჟიმი. სომხებს ყველანაირი საფუძველი აქვთ, რუსეთით როგორც მოკავშირით, უკმაყოფილები იყვნენ. თუმცა საეჭვოა ამ ბრაზის რეალურ პოლიტიკურ ნაბიჯებში გარდაქმნის შესაძლებლობა. არ ჩანს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რუსეთისგან რეორიენტაციის რესურსი.
თურქულ-აზერბაიჯანულმა ალიანსმა პირწმინდად დაამარცხა სომხური ძალები. ზავის პირობებით იხსნება ნახიჩევანის გზა, და აზერბაიჯანი თურქეთს უკავშირდება. იმავე ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი თავად სომხეთის იზოლაციიდან გამოყვანის კონკრეტული ნაბიჯებზე, გარდა ბუნდოვანი ფრაზისა, რომ რეგიონში ყველა სახის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების ბლოკადა მოიხსნება.. სავარაუდოა, რომ საზღვრის გახსნის სანაცვლოდ თურქეთმა და აზერბაიჯანმა სომხეთისგან სხვა სახის დათმომებიც მოითხოვონ. ამავდროულად, სომხეთში კიდევ უფრო გაძლიერებული ანტი-თურქული და ანტი-აზერბაიჯანული განწყობები, სომხეთის ხელისუფლებას ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ნებისმიერ მცდელობას შეუშლის ხელს.
ამავდროულად, რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც თავად სომხეთის ტერიტორიის დაცვა ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ჰორიზონტზე არ მოსჩანს სხვა ქვეყანა, რომელიც მსგავს სამოკავშირეო ვალდებულებას თავის თავზე აიღებს. ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა, სომხეთისთვის კიდევ უფრო დიდ სასიცოხლო ფუნქციას იძენს და სომხური არმიის კატასტროფული სამხედრო მარცხის ფონზე, სომხეთის დამოუკიდებლობის და ნომინალური სუვერენიტეტის ერთადერთ გარანტად რჩება.
რა იცვლება რეგიონში?
ომის დასრულების შემდეგ შეინიშება რამდენიმე ძირითადი ცვლილება:
- აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობა: რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ძალთა ბალანსი საპირისპიროდ იცვლება: თუ 1992-1994 წლის კონფლიქტის შემდეგ სომხეთმა შეძლო მთიან ყარაბაღსა და შვიდ მომიჯნავე რეგიონზე კონტროლის დამყარება, 2020 წელს აზერბაიჯანმა ომამდელი სტატუს კვოს აღდგენა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება ბევრად სწრაფად მოახერხა. გადაუწყვეტელი რჩება მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი, თუმცა ეს საკითხიც მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ გადაწყდეს, ვიდრე ყარაბაღელი სომხების თვითგამორკვევის უფლების აღიარებით.
- სომხეთის მარცხი. ადრე ტრიუმფანტი და სამხედრო უპირატესობის მქონე სომხეთი ახლა კონფლიქტის დამარცხებული მხარეა. სომხეთის სამხედრო მარცხმა შიდა პოლიტიკური დაძაბულობაც გამოიწვია. მთავარ კითხვად რჩება, სამხედრო წარუმატებლობასთან ერთად განიცდის თუ არა ფიასკოს 2018 წელს პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თაოსნობით განხორციელებული დემოკრატიული რევოლუცია?
- რუსული დომინაციის გაძლიერება. რუსეთის სამხედრო ძალები აწ უკვე მონაწილეობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიულ კონფლიქტში. ეს რეგიონში მის გავლენას მნიშვნელოვნად ზრდის. რუსეთმა კიდევ ერთხელ განამტკიცა იმიჯი, რომ ვერცერთი ტერიტორიული კონფლიქტის ბედი პოსტ-საბჭოთა სივრცეში მისი მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება.
- თურქეთის უფრო გამოკვეთილი როლი. ნათელია, რომ აზერბაიჯანის მიერ სამხედრო უპირატესობის მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი თურქეთმა ითამაშა. თურქეთი არამხოლოდ პოლიტიკურად და რიტორიკულად, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც ეხმარებოდა აზერბაიჯანს. საბრძოლო მოქმედებების განახლების პირველი დღიდან ცალსახა იყო აზებაიჯანელების სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 9-10 ნოემბრის შეთანხმებაში თურქეთი ფორმალურად ნახსენები არ არის, ცნობილი ხდება, რომ თურქეთი გარკვეულ როლს ითამაშებს სამშვიდობო მისიაში.
რა იცვლება დასავლეთისა და საქართველოსთვის?
კონფლიქტის შედეგები არასახარბიელოა დასავლეთისთვის:
- კონფლიქტის მოგვარების მრავალმხრივი ფორმატების მიმართ იკარგება ნდობა. ბოლო 26 წლის განმავლობაში ეუთოს ფარგლებში არსებულმა მინსკის ჯგუფმა კონფლიქტი მშვიდობიანად ვერ გადაჭრა, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ქვეყანას შორის მიმდინარე კონფლიქტში ევროკავშირის როლი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა;
- რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვნად მცირდება დასავლეთის გავლენა. მიუხედავად ყარაბაღის კონფლიქტში ამერიკისა და საფრანგეთის მედიაციის მცდელობებისა, კონფლიქტის ბედით დასავლეთი ძირეულად დაინტერესებული არასდროს ყოფილა. ასეთი პასიურობის ფონზე დასავლეთის მიერ რეგიონში დემოკრატიზაციის მხარდაჭერა კიდევ უფრო უხერხემლო პროექტის სახეს იძენს.
ომმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა საქართველოსთვისაც:
- რუსეთის სამხედრო გაფართოება და რეგიონის მილიტარიზაცია, აზიანებს ნატოს გაფართოების ისედაც ფერმკრთალ პერსპექტივას.
- რეგიონში იზრდება ავტორიტარული ძალების გავლენა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. სომხეთში დემოკრატიის შესაძლო უკან დახევისა და ავტორიტარული კონსოლიდაციის ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთის სახელმწიფოების მიერ გამოხატული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიური მხარდაჭერა, მათ შორის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკის გაძლიერება.
- ახალმა კონფიგურაციამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური იდენტობების ძირეული შეუთავსებლობა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგომი დემოკრატიული საქართველო ეულია რეგიონშიდა გეოგრაფიული მეზობლებს ბუნებრივ პარტნიორებად ვერ დაიგულებს.
წაიკითხეთ ასევე: