თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულმა პირმა 9 მძევალი აიყვანა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ხელყუმბარით არის შეიარაღებული. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს.

Facebook-ზე გავრცელებულდა ვიდეო, რომელშიც თავდამსხმელი, სავარაუდოდ, დანაშაულის ადგილიდან საკუთარ მოთხოვნებზე საუბრობს. იგი საქართველოს მასშტაბით, ყველანაირი ტიპის აზარტული თამაშის აკრძალვას, მედიკამენტების ფასების შემცირებასა და ფარმაცევტული კომპანიებისთვის მაქსიმუმ 10%-იანი მოგების მარჟის დაწესებას ითხოვს. აგრეთვე, მისივე მოთხოვნით, ბანკებს მომხმარებლისთვის სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთის სახით მაქსიმუმ 7%-ის დაწესება უნდა შეეძლოთ.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

დღევანდელ თავდასხმამდე ერთი თვით ადრე, ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა, რომელმაც მოთხოვნილ თანხასთან ერთად გაქცევა მოახერხა. პოლიციამ მისი დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)