თბილისმა ცხინვალთან შეთანხმების შემდეგ, სარწყავი არხის რეაბილიტაცია დაიწყო 

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ტირიფონის სარწყავი არხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთის რეაბილიტაზია დაიწყო.

არხი, რომელიც შიდა ქართლის საირიგაციო სისტემის მთავარი ნაწილია და რომელიც სათავეს ცხინვალის მახლობლად იღებს, შემდეგ კი რამდენჯერმე კვეთს საოკუპაციო ხაზს თბილისის მიერ კონტროლირებადი სოფლებისკენ, 2008 წლის ომის შემდეგ ფაქტობრივად მიტოვებული იყო.

თბილისის ოფიციალურმა წყარომ, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ 18 კმ სიგრძის მონაკვეთის გამწმენდი სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დაიწყო, ხოლო სრული სარეაბილიტაციო პროექტი ტირიფონის სარწყავი სისტემის ოთხ მარშრუტს მოიცავს.

არხის აღდგენილი მონაკვეთებით 15 სოფელი ისარგებლებს, მათ შორის, ოკუპირებული ცხინვალის მიერ კონტროლირებადი დასახლებებიც, დასძინა წყარომ სოფლების სახელების ან შემდგომი დეტალების გამხელის გარეშე.

ქართული მედია სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აღდგენილი საირიგაციო არხით კირბალის, ზერტის, ბერშუეთის, სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს. სააგენტო qartli.ge ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღდგენილი მონაკვეთის საშუალებით წყალი მიეწოდება გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 30-მდე სოფელს, მათ შორის, ოსურ სოფლებს – დიდი და პატარა რენე, ნიგოზა და ყარაფილა.

ტირიფონის არხს წყალი ცხინვალთან მდებარე სათავო ნაგებობიდან მიეწოდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებულმა ცხინვალმა არხი დაკეტა, რის შემდეგაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მდებარე ათობით სოფელი წლების განმავლობაში სარწყავი წყლის გარეშე იყო დარჩენილი.

საკითხი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექამიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ დადგა, თუმცა უშედეგოდ.

2013-2014 წლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, USAID-ის ფინანსური დახმარებით, თბილისის მიერ კონტროლირებადი და კონფლიქტით დაზარალებული სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ტირიფონისა და სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. თუმცა, მაშინდელი სარეაბილიტაციო სამუშაოები არხის დასავლურ/ცენტრალურ მონაკვეთებს შეეხო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)