ემილ ვანდერველდე საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 ნოემბერი, N267.
საქართველოს გარშემო
ნოემბრის 21. ემილ ვანდერველდე საქართველოს შესახებ.
ბრიუსელის გაზეთ Le Poudle ოქტომბრის 21-ს N-ში მოთავსებულია ემილ ვანდერველდეს წერილი სათაურით „პირველი სოციალისტური მთავრობა“ მთელი წერილი საქართველოსადმი მხურვალე თანაგრძნობით არის გამსჭვალული. ავტორი დაწვრილებით ახასიათებს ქართველ დემოკრატიის მიერ განვლილ გზას და მთავრობის მიერ შექმნილ პოლიტიკას. საქართველოს მთავრობას ავტორი უწოდებს პირველ სოციალისტურ მთავრობას ქვეყანაზე [მსოფლიოში].
წერილი ამ სიტყვებით თავდება: „რათა საქართველოს მიერ დაწყებული საქმე და ცდა, რომლის დიდი მნიშვნელობა ყველასათვის თვალსაჩინო უნდა იყოს, კეთილად განვითარდეს და დაგვირგვინდეს, საჭიროა გარკვეული საერთაშორისო მდგომარეობა ჰქონდეს მას: საქართველოს მთავრობა, რომელიც „დე ფაქტო“ ცნობილია კიდეც, ახლო მომავალში უნდა ცნობილი იქნას „დე იურე“.
„თუ, რომ ქვეყნად სადმე არსებობს ისეთი მხარე, რომელსაც თავისუფლებისათვის გმირულ ბრძოლით და ერთსულოვნების სრული შეგრძნებით დაუმსახურებია ცნობა, ასეთი მხარე უწინარეს ყოვლისა საქარველოს რესპუბლიკაა. ჩვენ ეჭვიც არ გვებადება, რომ ახლო მომავალში საქართველოს უფლებები ცნობილ იქნება“.