150 წევრიან პარლამენტში ქართული ოცნება 91 მანდატს მიიღებს

ქართული ოცნება, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების გამარჯვება მესამედ აღნიშნა, 150 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 91 მანდატის მისაღებად ემზადება. ქართული ოცნება პარლამენტში 61 დეპუტატს პროპორციული, 30-ს კი – მაჟორიტარული წესით შეიყვანს.

ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებმა 31 ოქტომბრის არჩევნებში 13 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვეს, დანარჩენი 17 ოლქი კი – 21 ნოემბერს, ოპოზიციის საერთო ბოიკოტის ფონზე ჩატარებულ მეორე ტურებში მოიგეს.

მიღებული მანდატებით ქართული ოცნება მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას შეძლებს. ახალ მთავრობას სათავეში, სავარაუდოდ, კვლავ მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია ჩაუდგება.

ქართული ოცნების გარდა, 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერის გადალახვა 8 ოპოზიცურმა პარტიამ შეძლო, თუმცა ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ახალ პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ. მათი მტკიცებით, მმართველმა გუნდმა არჩევნები „მოიპარა“. ისინი, ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და ყველა „პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებას ითხოვენ.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაიწყო. მოლაპარაკების ორი რაუნდის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმება ჯერ ვერ მოახერხეს. დაგეგმილია დიალოგის კიდევ ერთი რაუნდი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)