ოპოზიციის რეაგირება მთავრობის მიერ დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებზე 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი დამატებითი მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება. 8 დიდი ქალაქი და ზამთრის კურორტები კი, ფაქტობრივად, დაიკეტება. ამავე გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა მთავრობა ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს და შეშფოთება გამოხატეს იმ შედეგების გამო, რასაც მკაცრი ზომები საქართველოს ეკონომიკას მოუტანს.

„შეზღუდვები, გასაგებია, შესაძლოა, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს ის გეგმა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რა მდგომარეობაში იქნება ქვეყანა, რაც სამწუხაროდ, ჯერ ჩვენ ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ აქციების გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ „რა საშუალებას იძლევა ეს რეგულაციები“. „შესაძლოა, 9 საათის მერე არ გაიმართოს აქცია, მაგრამ დღის განმავლობაში არავის აუკრძალია აქციების გამართვა“, – დაამატა მან.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შეზღუდვები „ყოველგვარი არსებითი წნეხის შემსუბუქების გარეშე, ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, დამატებითი დარტყმაა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით“.

მან ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ ქვეყანა მეორე ტალღისთვის ვერ მოამზადა და განაცხადა, რომ „ამის ფასს იხდის მთელი ქვეყანა ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკის ფასად და ეს პროცესი გრძელდება“.

პარტია ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შეზღუდვები „გარდაუვალი არის ამ ვითარებაში, როდესაც პანდემია უკონტროლო გახდა“.  „სამწუხაროა, რომ აქაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა თავი დროული ნაბიჯებით, მართვის უნარით და მივედით იმ სავალალო მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვიმყოფებით“, – აღნიშნა მან და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შექმნას „ახალი ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც იქნება სხვა შემადგენლობით, სადაც ოპოზიციაც იქნება წარმოდგენილი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)