ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე, საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ წარადგინა, რომელიც 2020 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები კვლავ ჩართულები იყვნენ და აგრძელებდნენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას. დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ დისკუსიების 51-ე რაუნდი ორჯერ გადაიდო და ამჟამად დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში განახლდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრები, რომლებიც ორჯერ გაიმართა „პოზიტიურ და კონსტრუქციულ გარემოში“, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, იმავე ფორმატის შეხვედრები გალში არ გამართულა.
ევროპის საბჭომ აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები დაკეტილი რჩებოდა. დოკუმენტის თანახმად, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მოსახლეობას ძირითად მომსახურებებზე, მათ შორის, მკურნალობაზე წვდომა გაურთულა.
დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლების დახმარებაზე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და აღნიშნავს, რომ გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში 4 000 დევნილს დაეხმარა საკვებით, ხოლო საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე ჯანდაცვის ობიექტები სამედიცინო მასალებითა და აღჭურვილობით უზრუნველყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს.
ევროპის საბჭოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა, გაეროს განვითარების პროგრამამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და წითელი ჯვრის საერთაშირისო კომიტეტმა აფხაზეთის მოსახლეობას აღმოუჩინეს დახმარება, ხოლო საქართველოს ხელისუფლება „პირდაპირ დაეხმარა აფხაზეთს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში“. დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო ჩართულობა ცხინვალთან დაკავშირებით შეზღუდულია და მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მონაწილეობს ამ საკითხში, ვინაიდან ცხინვალის ხელისუფლება თბილისის მიერ შეთავაზებულ ჰუმანიტარულ დახმარებას არ იღებს.
აფხაზეთში არსებული ვითარება
22-ე კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, „ბორდერიზაციის“ პროცესი გაგრძელდა, მათ შორის, „არსებული სტრუქტურების განახლების და/ან ახალი ღობეების აგების თვალსაზრისით“. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება „ბორდერიზაციის“ პროცესთან დაკავშირებული 14 ინციდენტის შესახებ იტყობინება.
რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ევროპის საბჭომ აღნიშნა, რომ შეზღუდვებმა აიძულა ადამიანები, რომ უკიდურესი ზომებისთვის მიემართათ, რა დროსაც რამდენიმე მათგანმა მდინარე გადაკვეთა, რომ დანარჩენ საქართველოში მოხვედრილიყვნენ. მათ შორის, იყო ოთარ ჯობავა, რომელიც ამგვარ მცდელობას ემსხვერპლა. „ამ ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია იმ პირთა თვითნებური დაკავებების შესახებ, რომელთაც გამშვები პუნქტების გვერდის ავლით გადაწყვიტეს რეგიონის დატოვება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს კვლავ ეზღუდებათ რიგი უფლებები, მათ შორის, ბინადრობის, მუშაობის, საკუთრებისა და განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებები.
ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება
დოკუმენტი 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში არსებულ დაძაბულობასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ „ამას მომდევნო თვეებში ადგილზე სამხედროების რაოდენობის ზრდა და ახალი პოზიციების მშენებლობა მოჰყვა“.
ანგარიშის თანახმად, იმავე პერიოდში, კიდევ უფრო გააქტიურდა „ბორდერიზაციის“ პროცესი რამდენიმე ადგილას, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ 46 ასეთი ინციდენტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ევროპის საბჭო რეგიონში უკანონო დაკავებებზეც ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ ხვიჩა მღებრიშვილისა და ზაზა გახელაძის საქმეებზე. ეს უკანასკნელი დაკავებამდე ფეხის არეში დაჭრეს.
„დელეგაციას აცნობეს, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული სულ 16 ადამიანი დაიღუპა, როდესაც ისინი სამედიცინო დახმარებისთვის გადაყვანას ელოდნენ და/ან ითხოვდნენ“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, გამშვები პუნქტების დახურვამ გავლენა იქონია ადამიანების სამედიცინო მიზნით ტრანსპორტირებაზე, განსაკუთრებით ახალგორის რაიონიდან.
ევროპის საბჭომ აღნიშნა, რომ არც ცხინვალის რეგიონში შეინიშნება რაიმე პროგრესი ეთნიკური ქართველების მიერ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების, ასევე „დევნილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების“ თვალსაზრისით.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოში კონფლიქტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
- ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)