აბაშიძე-კარასინის საუბარს თბილისში პროტესტი მოჰყვა
რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი 27 ნოემბერს ერთმანეთს ვიდეო ფორმატში შეხვდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ „რთულ ვითარებაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას. მისივე თქმით, „გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „ბორდერიზაცია“, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა“ და ოკუპირებულ რეგიონებთან „ფაქტობრივად შეწყვეტილია მიმოსვლა“.
ამავე ინფორმაციით, აბაშიძემ თბილისის შეშფოთება გამოხატა სოხუმსა და მოსკოვს შორის „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის“ პროგრამის ხელმოწერის გამო და ამ ქმედებას აფხაზეთის „დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს „ორ ქვეყანას შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა“. „ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე“, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის შეთანხმებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში იყო ნელი პროგრესი. „მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობასა და შეთანხმების იმპლემენტაციას“, – ნათქვამია პრესრელიზში.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ რუსეთის მხარე 2021 წლიდან გეგმავს ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციას, სატრანსპორტო მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის ივნისის შემდეგ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით შეწყვეტილი ფრენების შესაძლო აღდგენაზე საუბრისას, აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხის პოლიტიზება არასწორია.
ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ხშირად გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის, რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად. მანვე აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში „პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია“.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ბორდერიზაციისა“ და გამყოფი ხაზების გასწვრივ თვითნებური დაკავებების შესახებ ქართული მხარის ბრალდებების საპასუხოდ, კარასინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეს „ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ ემსახურება და „პროვოკაციებისა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ შეჩერების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
რაც შეეხება ფრენების აღდგენას, რუსეთის საგარეო უწყებამ წინაპირობებს შორის „საქართველოში ანტირუსული გამოხტომების დასრულება და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხის არარსებობა“, ასევე ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზება დაასახელა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში 2019 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, რომ ქართველი ნაციონალისტების მიერ 2019 წლის ზაფხულში დადგმული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგები გადაილახოს“.
„ვიმედოვნებთ, რომ ის რუსოფობიური რიტორიკა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა რადიკალური ჯგუფების მიერ საარჩევნო კამპანიის დროს, წარსულში დარჩება და რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები საკუთარ მანდატებს იმისთვის გამოიყენებენ, რომ ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელებას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
ამავე განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ არაპოლიტიზებული დისკუსია, რათა 2011 წლის საბაჟო შეთანხმების გარშემო დარჩენილი სადავო საკითხები მოაგვარონ და მისი პრაქტიკული განხორციელება დაიწყონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა კოვიდ-19-ის პანდემიის თაობაზე „კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“ მზადყოფნა გამოხატა, მათ შორის, [რუსული] ვაქცინების გამოყენების თვალსაზრისით. იმავდროულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ კარასინმა ლუგარის ლაბორატორიის „სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის“ თაობაზე არსებულ შეშფოთებაზე მიუთითა და მოუწოდა ქართულ მხარეს, რომ ამ ობიექტზე რუსი სპეციალისტების ვიზიტი უზრუნველყოს.
რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული საკითხები, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის 9 ნოემბრის განცხადება ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე. ამავე ინფორმაციით, სამმხრივი შეთანხმებების განხორციელება, „კერძოდ, სატრანსპორტო კომუნიკაციის და ეკონომიკური კავშირების აღდენის თაობაზე, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს“.
თბილისში პროტესტს აბაშიძის განმარტებები მოჰყვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს, სადაც 2019 წლის ივნისის მოვლენების შედეგების გადალახვისთვის „ორმხრივი განწყობის დადასტურებაზეა“ საუბარი, თბილისში პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ჯერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი – პარლამენტისკენ გაემართნენ.
ოპოზიცია აბაშიძეს გავრილოვის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის დაგმობაში ადანაშაულებდა და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას ითხოვდა.
ოპოზიციამ ასევე გამოთქვა შეშფოთება რუსი სპეციალისტების ლუგარის ცენტრში სავარაუდო ვიზიტის გამო, რასაც, მათი ვარაუდით, რუსეთის მხრიდან შემდგომი პროპაგანდა და პროვოკაციები მოჰყვება.
მოგვიანებით, აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა და „ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია“.
აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა და აღნიშნა, რომ საჭიროა, შეწყდეს „რუსოფობიური გამოხტომები“, რაზეც მან უპასუხა, რომ ისინი „რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიური გამოხტომების ვერცერთ ფაქტს“ ვერ დაასახელებენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)