დეკემბერი, 1920: თავდაცვის ფონდის მიმართვა საქართველოს ხალხს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 2 დეკემბერი, N274
ამ ექვსი წლის წინად ამტყდარი დიდი ომი, მიუხედავად მრავალი საზავო ხელშეკრულებათა დადებისა, ჯერ კიდევ არ დაბოლოვებულა მთლად. ამასთანავე დამარცხებულ ქვეყნებში დაწყებული რევოლუციური მოძრაობა ზოგან განსაკუთრებით რუსეთში სამოქალაქო ომით დამთავრდა, რაიც კიდევ უფრო აფერხებს საერთაშორისო მშვიდობიანობის დამყარებას.
ეს მუდმივი საერთაშორისო მოუსვენრობა და გართულება ახდენს თავის უარყოფით გავლენას ჩვენს თავისუფალ სამშობლოზედაც: ცეცხლის ალი არამც თუ არ შორდება მას, არამედ უახლოვდება კიდეც. არ არის სრულიად მოულოდნელი, რომ დიდ სახელმწიფოთა ურთიერთმა ქიშპობამ და ინტერესთა წინააღმდეგობამ თვით ჩვენი ტერიტორია გახადოს, ჩვენდა დამოუკიდებლად, სამხედრო მოქმედების ასპარეზად.
დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა დამფუძნებელი კრება და მთავრობა მტკიცეთ იცავდენ თავიდანვე საქვეყნოდ აღიარებულ ნეიტრალობის პრინციპს; მათ ერთხელაც არ უღალატნიათ მისთვის, ერთხელაც არ უფიქრნიათ მეზობელ სახელმწიფოთა საქმეებში ჩარევა და კიდევ მათი უფლების და ტერიტორიულ ხელუხლებლობის შელახვა ასეთს ნაბიჯს შეუძლებლად ჰხდის თვით ჩვენი სახელმწიფოს უაღრესად დემოკრატიული წესწყობილება, აგებული ერთა სოლიდარობის საფუძველზე.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ხალხი არა ერთხელ გახდა იძულებული აესხა ფარ-ხმალი მომხდომ მტრის მოსაგერიებლად; არა ერთხელ მოევლინა ჩვენი მამაცი ჯარი და გვარდია მხსნელად და მცველად დედა სამშობლოს, მის წმინდათა წმინდას რევოლუციურ მონაპოვართ, მის დიდებას და პატიოსნებას.
დღესაც იგივე წამი ახლოვდება ქართველი ერისათვის, იგივე ომის აჩრდილი ჩნდება მის წინ. ქემალ ფაშის ჯარმა, რომელმაც შეესია სომხეთს, შესაძლოა ჩვენსკენ იბრუნოს პირი. ჩენ გვაქვს მწარე გამოცდილება. ამ სამი წლის წინათ მიღებული, როცა ოსმალო პირისპირ ტკბილად გვებაასებოდა, ხოლო ზურგში მახვილს გვცემდა, როცა მან ხელიდან გამოგვტაცა ჩვენი სისხლით და ოფლით მორწყული ბათომი.
მართალია, საქართველო იგივე არ არის დღეს, რაც 1918 წელს იყო, მან არამც თუ დაამსხვრია მონობის ბორკილი, არამედ შეინარჩუნა ბოლომდის დამოუკიდებლობა და თავისუფლება; მან დასდო ხელშეკრულება რუსეთთან, რომლის ძალით უკანასკნელმა იცნო მისი უდაო უფლება, როგორც ბათუმზე, ისე მთელ ეხლანდელ მის ტერიტორიაზე; ის უკვე ჩაება საერთაშორისო ფერხულში, რასაც ხელს უწყობს მისი გეოგრაფიული მდებარეობაც…
მაგრამ, სანამ არ შეუქმნიათ ნამდვილი გარანტია მსოფლიო მშვიდობიანობისათვის სანამ ჩვენს მეზობლად არ დამკვიდრებულა ნორმალური მდგომაროება, საქართველო არ არის და არ შეიძლება იყოს დაზღვეული გარეშე ხიფათისაგან.
ამიტომ თავდაცვის საქმე არის და ჯერ კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი საგანი.
დამფუძნებელი კრება და მთავრობა ხმარობენ ყველა ღონეს, რომ კარგად მოაწყონ თავდაცვის საქმე, მაგრამ ეს არ კმარა.
საჭიროა თვით ხალხმაც გამოიჩინოს დროის შესაფერი სიფხიზლე და გამჭრიახობა, მანაც აამოქმედოს მთელი თავისი ცოცხალი ძალები, მანაც დაანახვოს მტერსა და მოყვარეს საქმით, რომ ის არ იშურვებს არაფერს თავისუფალ სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ერთი ასეთი საქმე არის რესპუბლიკის თავდაცვის ფონდის შექმნა, რომლის თადარიგს შეუდგა მთავარი გამგეობა, შემდგარი ყველა ჩვენში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, ერობათა, ქალაქთა, პროფესიულ და კოოპერატიულ კავშირთა ცენტრალურ დაწესებულებათა, დედა ქალაქის გამგეობის და ვაჭრობა მრეწველობის პალატის წარმომადენელთაგან.
მთავარ გამგეობის შემადგენლობა თავის თავად ცხადჰყოფს, რომ საქმე, რომელიც უკისრნია გამგეობას არის უაღრესად ეროვნული და უდაო. როცა კითხვა ჩვენი ნორჩი რესპუბლიკის ყოფნა-არყოფნას ეხება, მაშინ არ არის პარტია, არც კლასი, არც შთამომავლობა, – ყველა ერთია, ქართველი ერი, საქართველოს ხალხი ერთი ცოცხალი ორგანიზმია, აღტყინებული ერთი გრძნობით და განმსჭვალული შეუდრეკელი ნებისყოფით.
აქედან, თავდაცვის ფონდის შექმნაში უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველამ: დიდმა და პატარამ, ქალმა და კაცმა, მდიდარმა და ღარიბმა.
თავდაცვის ფონდი უნდა შესდგეს ხორბლეულობისა და სხვა სასოფლო ნაწარმოებისა, ნივთეულობისა და ფულისაგან.
ყველამ თავის ხელობის და სოციალური მდგომარეობის შესაფერისი წვლილი უნდა გაიღოს: გლეხმა პური, სიმინდი, ქერი, მატყლი და სხვა, მუშამ და მოსამსახურემ თავის შრომის ხელფასის ერთი ნაწილი, მდიდარმა ნივთეულობა და ფული.
განსაკუთრებულია ქალების მოვალეობა. ისინი ღირსი არ იქნებოდნენ სამშობლოსათვის წამებულ მათი წინაპრებისა, რომ დაეშურათ მათ მიერ სამკაულად ხმარებული ერთი რომელიმე ძვირფასი ნივთი საერთო სამსხვერპლოზე მისატანად.
საქართველოს ხალხო!
გახსოვდეს, რომ შენ სდგეხარ შენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საბოლოო ჩამოყალიბების უკანასკნელ საფეხურზე: კიდევ ერთი ნაბიჯი და შენ შეხვალ თავისუფალ ერთა ოჯახში სწორუფლებიან წევრად. შენი საგმირო საქმეები იპყრობს ევროპის სახელმწიფოთა ყურადღებას, საერთაშორისო დემოკრატია აქტიურად თანაგრძნობს შენს დამოუკიდებლად არსებობას. სამი წლის შენი ჭაპანწყვეტა, სასტიკი ბრძოლა და უზომო მსხვერპლი საცაა შენის სრული გამარჯვებით დაგვირგვინდება.
შენ ყოველთვის ეყრდნობოდი შენს მაჯას, შენს მახვილ გონებას, შენს გამჭრიახობას, დემოკრატია, მშრომელი მასსა, ვერ დაეყრდნობა სხვის იმედებს, და ის ხომ შენი პირმშოა, მებაირახტე.
ერის უფლება გულისხმობს ერის მოვალეობასაც, და ეს კი გვიკარნახებს შენ იქონიო მუდმივი მზრუნველობა შენი თავისუფლების მთელის შენი არსებობით დაცვისათვის. შენ ყოველ წუთს მზად უნდა იყო მყისვე გასცე შესაფერი პასუხი ყოველს შენს კარზე მომდგარ საერთაშორისო გართულებას.
თავდაცვის ფონდი მკვეთრი იარაღია შენს ხელში. შენ არას დროს არ დაუშვებ, რომ შენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა გარეშე ტლანქმა ძალამ ფეხქვეშ გასთელოს, არც იმას დაუშვებ, რომ შენი ჯარი და გვარდია, როცა ისინი სიცოცხლეს არ იშურებენ შენი ბედნიერებისსთვის მშიერი, შიშველი და წყლულ-შეუხვეველი დარჩეს.
სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს ხალხი განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნეობისა, სოციალური მდგომარეობისა, სქესისა და წლოვანებისა პირნათლად შეასრულებს თავის წმინდა მოვალეობას ქვეყნისა და შთამომავლობის წინაშე – რესპუბლიკის თავდაცვის ფონდის მთავარი გამგეობა ამიერიდან იწყებს თავის მოქმედებას.
მთავარი გამგეობა გახსნის ადგილობრივ განყოფილებებს მთელს რესპუბლიკაში, დაუგზავნის მათ ინსტრუქციებს, გაუწევს მათს მუშაობას ხელმძღვანელობას და კონტროლს.
მისამართი: ფოსტით – ტფილისი, სასახლე, თავდაცვის ფონდის მთავარი გამგეობა; ტელეგრამით – თავდაცვის ფონდი.
რესპუბლიკის თავდაცვის ფონდის მთავარი გამგეობის თავმჯდომარე – აკაკი ჩხენკელი
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი – სილიბისტრო ჯიბლაძე
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ლასხიშვილი
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე – ლეო შენგელაია
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე – სპირიდონ კედია
საქართველოს ნაციონალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე –გრიგოლ ვეშაპელი
სომეხთა სარევოლუციო პარტია დაშნაკცუთიუნის საქართველოს მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე –ზორი ზორიანცი
საქართველოს ქალაქთა კავშირის თავმჯდომარე – ნიკო ელიავა
საქართველოს ერობათა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე – ისიდორე სტურუა
საქართველოს პროფესიული კავშირთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – სეით დევდარიანი
საქართველოს კოოპერატივთა კავშირის თავმჯდომარე – კონსტანტინე ანდრონიკაშვილი
ტფილისის ქალაქის გამგეობის თავმჯდომარე – ბენია ჩხიკვიშვილი
სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე – დიმიტრი აფხაზი
ფრონტის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე – სერგო ჟორჟოლიანი