თბილისი მოსკოვს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდგომი განცხადების გამო აკრიტიკებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ნოემბერს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ვიდეო შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების შინაარსის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, შესაძლოა, ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ „ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას“. სამინისტროს თქმით, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას თბილისის ქუჩებსა და სოციალურ მედიაში პროტესტი მოჰყვა.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბრისას არ განხილულა კოვიდ 19-ის ვაქცინის საკითხი, ისევე, როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მით უმეტეს, არ დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით, შესაძლებელია პოლიტიკური საკითხების, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული „ურთულესი ვითარების“ განხილვა, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული კუთხით.
„შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)